23.03.2026 20:30
აშშ-სთან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „ირანელი ხალხი აგრესორების სრულად დასჯას ითხოვს".
„ყველა ირანელი ოფიციალური პირი უზენაესი ლიდერისა და ხალხის გვერდით დგას, ვიდრე ამ მიზნის მიღწევა არ მოხდება. აშშ-სთან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა და ყალბ ამბებს ფინანსური და ნავთობის ბაზრების მანიპულირებისთვის იყენებენ და ასევე იმისთვის, რომ თავი დააღწიონ იმ გამოუვალ მდგომარეობას, რომელშიც აშშ და ისრაელია გაჭედილი", - წერს ირანის პარლამენტის თავმჯდომარე X-ზე.
ცნობისთვის, მანამდე გამოცემა The Jerusalem Post-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ მოლაპარაკებებს ირანის პარლამენტის თავმჯდომარესთან აწარმოებდა.
უფრო ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისი თქმით, მხარეები მოლაპარაკებების ფარგლებში „შეთანხმების მნიშვნელოვან პუნქტებზე" შეჯერდნენ.
ასევე, ტრამპის ცნობით, აშშ მოლაპარაკებებს „პატივსაცემ ადამიანთან" აწარმოებს.
„ეს უზენაესი ლიდერი არ არის. მისგან არავის არაფერი გაუგია. არც კი ვიცით, ცოცხალია თუ არა", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ავტორ(ებ)ი :