30.03.2026 10:44
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია, ირანის ნავთობზე კონტროლი დაამყაროს და ირანის ნავთობის ექსპორტის ცენტრი - კუნძული ხარგი დაიკავოს.
„გულახდილად გეტყვით, ჩემი საყვარელი საქმიანობა ირანის ნავთობის მოპოვებაა. ამერიკაში ზოგი სულელი კი მეკითხება: „რატომ აკეთებ ამას?" ისინი სულელები არიან",- განაცხადა ტრამპმა.
კუნძულ ხარგზე ირანის ნავთობის ექსპორტის უმეტესი ნაწილი გადის. აშშ-ის პრეზიდენტმა „ფაინენშალ თაიმსთან" საუბრისას კუნძულის დაკავების შესაძლებლობა არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ ამერიკული ძალები ობიექტს „ადვილად" დაეუფლებოდნენ.
„შეიძლება, ავიღოთ კუნძული ხარგი, შეიძლება - არა. ბევრი ვარიანტი გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ იქ გარკვეული ხნით დავრჩებოდით. არ მგონია, მათ რაიმე თავდაცვა ჰქონდეთ, ძალიან ადვილად ავიღებდით", - განმარტა ტრამპმა.
ამავდროულად, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პაკისტანის შუამავლობით წარმოებული არაპირდაპირი მოლაპარაკებები ირანსა და ამერიკულ მხარეს შორის წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
„შეიძლება, შეთანხმება საკმაოდ სწრაფად დაიდოს", - აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
ავტორ(ებ)ი :