ზელენსკიმ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა მივაღწიოთ მშვიდობას და არა ზავს -დიმიტრი პესკოვი 31.03.2026 17:21

კრემლი სააღდგომო ზავის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას პასუხობს. კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ზელენსკის პოზიცია „ნათლად არ არის ფორმულირებული".

მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა მიაღწიონ მშვიდობას და არა ზავს.

„ზელენსკის მიერ წაკითხული განცხადებებიდან გამომდინარე, სააღდგომო ზავის მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინიციატივა ვერ დავინახეთ. მან, როგორც ყოველთვის, ისაუბრა მზადყოფნაზე და სურვილზე, დაეთანხმოს ნებისმიერ სახის, თუნდაც სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტას. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს: ზელენსკიმ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა მივაღწიოთ მშვიდობას და არა ზავს. ცხადია, კიევის რეჟიმს სასიცოცხლოდ სჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, ნებისმიერი სახის ცეცხლის შეწყვეტა. ფრონტის ხაზზე მიმდინარე დინამიკა, რომელსაც, სხვათა შორის, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ უცხოელი სპეციალისტებიც აკვირდებიან, მიუთითებს, რომ რუსული ჯარები მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ - ზოგან უფრო სწრაფად, ზოგან უფრო ნელა - მიიწევენ წინ", - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, 30 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა სააღდგომო პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკული ზავისთვის.

„ჩვენ მზად ვართ აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტისთვის. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემი აზრით, ნორმალური ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ სიცოცხლეს, საუბრობენ ცეცხლის შეწყვეტასა და ომის დასრულებაზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში და არა მხოლოდ რამდენიმე დღით. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი კომპრომისისთვის, გარდა ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებული კომპრომისისა", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ