04.04.2026 23:28
სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს, თუ რუსეთი გაზის საფასურს გაზრდის.
„ისინი ასეთ გადაწყვეტილებას თუ მიიღებენ, სომხეთიც მიიღებს თავის გადაწყვეტილებას და საბოლოოდ გამოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს", - განაცხადა სიმონიანმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე.
ამასთან, მისი თქმით, „არ ფიქრობს, რომ საქმე აქამდე მივა", რადგან სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის „ძალიან კარგი, ეფექტიანი საუბარი შედგა".
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნა, რომ სომხეთი რუსულ გაზს შეღავათიან ფასად იღებს.
„დღეს, თქვენ იცით, ენერგომატარებლების, გაზის ფასები ევროპაში 600 დოლარს აღემატება ათას კუბურ მეტრზე, ხოლო რუსეთი სომხეთს გაზს 177.5 დოლარად აწვდის. სხვაობა დიდია, სხვაობა არსებითია," - განაცხადა პუტინმა.
სომხეთმა 2024 წლიდან შეაჩერა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობა და აღარ იხდის შენატანებს ამ ორგანიზაციაში, თუმცა ფორმალურად ქვეყანა ორგანიზაციიდან არ გამოსულა.
ავტორ(ებ)ი :