06.04.2026 21:12
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანელი ხალხი ქვეყნის რეჟიმს დაუპირისპირდება, თუ მათ იარაღზე წვდომა ექნებათ.
„ირანელი ხალხი მათ წინააღმდეგობას გაუწევს, როგორც კი გაიგებენ, რომ მათ არ ესვრიან და როგორც კი იარაღს მიიღებენ", - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ირანელ ხალხს იარაღი ექნებოდა, „ირანი ორ წამში დანებდებოდა, რადგან ისინი სიტუაციას ვერ გაუმკლავდებოდნენ".
ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელ ხალხს „ბომბების ხმის მოსმენა სურს, რადგან მათ თავისუფლება უნდათ".
„ჩვენ მათთვის ვიბრძვით. ჩვენ მათი მომავლისთვის ვიბრძვით და გეტყვით, ეს ხმამაღლა და მკაფიოდ მითხრეს - ირანელი ხალხი ყველაზე უკმაყოფილოა მაშინ, როდესაც ბომბები ჩერდება", - აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მას შემდეგ, რაც 2025 წლის ბოლოს ირანში მთავრობის წინააღმდეგ მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო, აშშ-ს ირანელი აქტივისტების შეიარაღება ჰქონდა განზრახული.
მისი თქმით, იარაღი, რომელიც აქციის მონაწილეებისთვის იყო განკუთვნილი, იმ ჯგუფებმა დაიტოვეს, ვისაც მისი მიწოდება ევალებოდა.
„ისინი უნდა გადასულიყო ხალხთან, რათა მათ ამ ბანდიტების წინააღმდეგ ბრძოლა შეძლებოდათ. იცით რა მოხდა? იმ ადამიანებმა, ვისაც ისინი გაუგზავნეს, თავისთვის დაიტოვეს. თქვეს: „რა ლამაზი იარაღია. ვფიქრობ, შევინახავ". ამიტომ, მე ძალიან გაბრაზებული ვარ გარკვეულ ჯგუფზე და მათ ამისთვის მძიმე საფასურის გადახდა მოუწევთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ავტორ(ებ)ი :