08.04.2026 02:59
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პაკისტანის პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას დათანხმდა.
როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, მზადაა შეაჩეროს დაგეგმილი "დამანგრეველი" დარტყმები ირანზე ორი კვირის ვადით, იმ პირობით, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეს სრულ დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას უზრუნველყოფს:
"პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფთან და ფელდმარშალ ასიმ მუნირთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე, რომელთაც მთხოვეს, შემეჩერებინა ირანის წინააღმდეგ ამაღამ დაგეგმილი დამანგრეველი დარტყმა, იმ პირობით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას, თანახმა ვარ, ორი კვირის ვადით შევაჩერო ირანის დაბომბვა და მასზე თავდასხმა. ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა!
ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ კიდეც ყველა სამხედრო მიზანს. ასევე, ძალიან ახლოს ვართ ირანთან გრძელვადიანი მშვიდობისა და ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის შესახებ საბოლოო შეთანხმებასთან. ჩვენ მივიღეთ ირანისგან 10-პუნქტიანი წინადადება და მიგვაჩნია, რომ ეს არის სამუშაო საფუძველი მოლაპარაკებებისთვის. აშშ-სა და ირანს შორის თითქმის ყველა წარსული სადავო საკითხი შეთანხმებულია, ხოლო ეს ორკვირიანი პერიოდი საშუალებას მოგვცემს, შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდეს და დასრულდეს.
როგორც პრეზიდენტისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით და ასევე, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლის რანგში, ჩემთვის პატივია, რომ ეს გრძელვადიანი პრობლემა გადაჭრასთან ასე ახლოსაა. გმადლობთ ყურადღებისთვის!" - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ავტორ(ებ)ი :