12.04.2026 11:27
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვაშინგტონსა და თეირანს შორის, პაკისტანში მიმდინარე მრავალსაათიან დისკუსიებს თეთრი სახლიდან გამოეხმაურა. შტატების ლიდერის განცხადებით, ამერიკული მხარე მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის მზად არის.
"უამრავი ცნობა მომდის. როგორც თავადაც შენიშნავდით, ისინი უკვე საათებია მსჯელობენ. ვნახოთ, რა იქნება, თუმცა, შედეგის მიუხედავად, გამარჯვება ჩვენია. რა მოვლენებიც არ უნდა განვითარდეს, ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ, რადგან ის ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისით სრულად დავამარცხეთ. ასე რომ, დაველოდოთ - შესაძლოა შეთანხმებას მიაღწიონ, შესაძლოა - არა. ამერიკის პერსპექტივიდან ჩვენ მაინც გამარჯვებულები ვართ. ნახეთ, ჩვენი ქვეყნისკენ უზარმაზარი, დიდებული ტანკერები მოემართებიან. ჩვენ მათ ნავთობით, გაზითა და სხვა რესურსებით ვტვირთავთ; ეს მართლაც შთამბეჭდავი სანახაობაა", - აღნიშნა ტრამპმა.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შტატებმა ირანის სამხედრო პოტენციალი სრულად გაანადგურა:
"ირანთან ძალიან სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, თუმცა ჩვენ მაინც ვიმარჯვებთ. სამხედრო თვალსაზრისით ისინი უკვე დამარცხებულები არიან. მათ გემებთან რამდენიმე ე.წ. წყლის ნაღმი ჩაუშვეს, თუმცა ჩვენ მათი საზღვაო ძალები სრულად გავანადგურეთ. მათი ფლოტი აღარ არსებობს - ჩაძირულია 158 ხომალდი და 28 ნაღმდამშენი. შესაძლოა, წყალში კიდევ დარჩა რამდენიმე ნაღმი, თუმცა ჩვენი ხომალდები სრუტეს უკვე წმენდენ. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, თუმცა ჩემთვის დიდს არაფერს ცვლის, შევთანხმდებით თუ არა".
ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მთავარი ამოცანა ახლა ჰორმუზის სრუტის გახსნაა, რათა სხვა ქვეყნებმა ნავიგაცია შეძლონ. ამავდროულად, მან მოკავშირეები უმოქმედობის გამო გააკრიტიკა:
"ახლა ჩვენს მიზანს სრუტის გახსნა წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მას აღარ ვიყენებთ, მსოფლიოში ბევრია ისეთი ქვეყანა, რომელიც ამ გზით სარგებლობს, თუმცა თავად ან ეშინიათ, ან სუსტები არიან, ან უბრალოდ ხელმომჭირნეობენ. ზუსტად არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ნატოს მხრიდან დახმარება არ მიგვიღია", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
ავტორ(ებ)ი :