დონალდ ტრამპი რომის პაპს აკრიტიკებს 13.04.2026 13:09

რომის პაპი ლეო დანაშაულის წინააღმდეგ - სუსტი, საგარეო პოლიტიკაში კი საშინელია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს.

დონალდ ტრამპის თქმით, მას არ უნდა პაპი, რომელიც ფიქრობს, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის ქონა ნორმალურია და რომელიც მას აკრიტიკებს.

„ის საუბრობს ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ „შიშზე", მაგრამ არ ახსენებს იმ შიშს, რომელიც კათოლიკურ ეკლესიასა და სხვა ქრისტიანულ ორგანიზაციებს ჰქონდათ კოვიდის დროს, როდესაც მღვდლებს, მსახურებს აკავებდნენ ღვთისმსახურებისთვის, მაშინაც კი როდესაც ისინი გარეთ, ათი და ოცი ფუტის დაშორებით იდგნენ. მისი ძმა ლუი უფრო მომწონს, რადგან ლუი ბოლომდე MAGA-ს მხარდამჭერია. მას ეს ესმის, ლეოს კი არა! არ მინდა პაპი, რომელიც ფიქრობს, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის ფლობა ნორმალურია. არ მინდა პაპი, რომელიც საშინელებად მიიჩნევს, რომ ამერიკა ვენესუელას დაესხა თავს - ქვეყანას, რომელიც შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების დიდ რაოდენობას აგზავნიდა და, კიდევ უარესი, თავიანთ ციხეებს ცლიდა და მკვლელებსა და ნარკოდილერებს ჩვენს ქვეყანაში უშვებდა. და მე არ მინდა პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს, რადგან ზუსტად იმას ვაკეთებ, რისთვისაც დიდი უპირატესობით ამირჩიეს - კრიმინალის ისტორიულად დაბალ დონემდე დაყვანით და ყველაზე ძლიერი საფონდო ბირჟის შექმნით. ლეო მადლიერი უნდა იყოს, რადგან, როგორც ყველამ იცის, ის შოკის მომგვრელი სიურპრიზი იყო. ის არცერთ სიაში არ იყო, როგორც პაპობის კანდიდატი და ეკლესიამ სიაში მხოლოდ იმიტომ შეიყვანა, რომ ამერიკელი იყო და ფიქრობდნენ, რომ ეს საუკეთსო გზა იქნებოდა პრეზიდენტ ტრამპთან გასამკლავებლად. მე რომ თეთრ სახლში არ ვყოფილიყავი, ლეო ვატიკანში არ იქნებოდა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, მისივე თქმით, „რომის პაპმა, ლეო XIV-მ გონება უნდა მოიკრიბოს".

„ლეომ, როგორც პაპმა, გონება უნდა მოიკრიბოს, საღი აზრი გამოიყენოს, რადიკალ მემარცხენეებზე მორგება შეწყვიტოს და კონცენტრირდეს იმაზე, რომ იყოს დიდებული პაპი და არა პოლიტიკოსი. ეს მას ძალიან აზიანებს და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს კათოლიკურ ეკლესიას აზიანებს",- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რომის პაპმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რამდენჯერმე გააკრიტიკა. მათ შორის, ცივილიზაციის განადგურების შესახებ დონალდ ტრამპის მუქარას მიუღებელი უწოდა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ