13.04.2026 14:55
არც რუსეთის და არც უნგრეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება, ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულებაც გარკვეული დროის განმავლობაში შენარჩუნდება. გარემოებები თუ მოითხოვს, რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკება მოგვიწევს, თუმცა ჩვენ მეგობრები არ გავხდებით, - ამის შესახებ პარტია „ტისას" ლიდერმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.
როგორც სხვადასხვა მედიასაშუალება უნგრულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე უნგრულ გაზეთთან ინტერვიუში მადიარმა რუსეთზე ენერგეტიკულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეულ ვითარებაში რუსეთთან დიალოგი, შესაძლოა, გარდაუვალი იყოს.
„გარემოებები თუ მოითხოვს, რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა მოგვიწევს. არც რუსეთის და არც უნგრეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება. ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულებაც გარკვეული დროის განმავლობაში შენარჩუნდება. დივერსიფიკაცია უნდა გავზარდოთ, მაგრამ ეს ერთ ღამეში ვერ მოხდება", - განაცხადა მადიარმა.
მადიარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების საჭიროების მიუხედავად, „ჩვენ მეგობრები არ გავხდებით".
ამასთან, მადიარის თქმით, უნგრეთში „არავის სურს პროუკრაინული მთავრობა, ყველას სურს პროუნგრული მთავრობა".
„კარგი იქნებოდა ისეთი მთავრობა, რომელიც უნგრელი ხალხის რეალურ პრობლემებს მოაგვარებს", - აღნიშნა მადიარმა.
ავტორ(ებ)ი :