14.04.2026 22:14
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს პროცესი მოკლე დროში ვერ დასრულდება.
როგორც გერმანიის კანცლერმა განმარტა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება კონტინენტზე მშვიდობისა და კეთილდღეობის განმტკიცებისთვის.
„ორივემ ვიცით, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში წევრობის სრულად მიღწევა შეუძლებელია. თუმცა უკრაინის გაწევრიანება ევროპაში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაზრდისკენ გადადგმული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ჩვენ გვსურს, ნაბიჯ-ნაბიჯ ვუხელმძღვანელოთ უკრაინას ევროკავშირთან დაახლოებისკენ", - განაცხადა მერცმა.
ამავდროულად, ფრიდრიხ მერცმა კიევს მოუწოდა, დააჩქაროს შიდა რეფორმები, განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლის და სამართლის უზენაესობის კუთხით.
უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ასევე გამოცხადდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, შორ მანძილზე მოქმედ იარაღს, უპილოტო საფრენ აპარატებსა და საარტილერიო საბრძოლო მასალას.
ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ხელი მოაწერა შეთანხმებას საბრძოლო ციფრული მონაცემების გაცვლის შესახებ, რაც ახალი იარაღის სისტემების ერთობლივ შემუშავებას შეუწყობს ხელს.
ავტორ(ებ)ი :