აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი - ერთი გალონი ბენზინის ფასი სამ დოლარზე ქვემოთ შესაძლოა, მომავალ წლამდე არ ჩამოვიდეს 19.04.2026 22:45

 

ერთი გალონი ბენზინის ფასი სამ დოლარზე ქვემოთ შესაძლოა, მომავალ წლამდე არ ჩამოვიდეს, - ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, კრის რაითმა განაცხადა.

„სიენენთან" ინტერვიუში რაითმა აღნიშნა, რომ ფასებმა სავარაუდოდ უკვე პიკს მიაღწია და ახლა შემცირებას დაიწყებს.

„ფასებმა ალბათ უკვე მაქსიმუმს მიაღწია და ახლა კლებას დაიწყებს. რა თქმა უნდა, კონფლიქტის დასრულების შემთხვევაში ენერგომატარებლებზე ფასები მთლიანობაში შემცირდება", - განაცხადა რაითმა.

მისი თქმით, ირანთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ საწვავის ფასი ერთ გალონზე დოლარზე მეტით გაიზარდა, რაც ძირითადად ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გლობალური მიწოდების შეფერხებამ გამოიწვია.

რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ნათქვამი იყო, რომ „შეერთებული შტატები არაფერს კარგავს" ჰორმუზის სრუტის დახურვით, რაითმა აღნიშნა: „ამ 47-წლიანი კონფლიქტის დასრულებას და ირანისთვის ბირთვული იარაღის მიღების თავიდან აცილებას, რა თქმა უნდა, მოკლევადიანი რღვევები მოჰყვა. ვფიქრობ, ეს ფანტასტიურად მოვახერხეთ".

როგორც „სიენენი" წერს, ერთი გალონი ბენზინის საშუალო ფასი დღეს 4.05 დოლარია. 28 თებერვალს, აშშ-ისრაელის ირანთან კონფლიქტამდე მისი ფასი 2.98 დოლარი იყო.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ