20.04.2026 13:40
ავსტრიაში HiPP-ის ბავშვთა საკვების ერთ-ერთ ქილაში ვირთხის შხამი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ბიბისი" ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
მედიის ცნობით, პოლიციას მომხმარებელმა მიაწოდა ინფორმაცია სტაფილოსა და კარტოფილის პიურეს მოწამლული ქილის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მომხმარებლის ბავშვს საკვები არ მიუღია. პოლიციის ცნობით, ქილა განზრახ იყო დაზიანებული.
ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ მიმოქცევაშია კიდევ ერთი დაზიანებული ქილა და აქვეყნებენ ინსტრუქციებს, როგორ ამოიცნონ ის მომხმარებლებმა. ხელისუფლებაში არ ადასტურებენ, რომ საქმეები სავარაუდო გამოძალვის მცდელობას ეხება, თუმცა პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანელი გამომძიებლებისგან მიიღეს გაფრთხილება, რომ გაფუჭებული ქილები ჩეხეთსა და სლოვაკეთშიც აღმოაჩინეს.
შაბათს HiPP-მა ავსტრიის „სპარის" სუპერმარკეტებიდან პიურეების მთელი პარტია გაიწვია.
როგორც კომპანიაში განმარტეს, მათი მოხმარება შესაძლოა, „სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი" ყოფილიყო.
„პროდუქციის გაწვევა არ იყო გამოწვეული ჩვენი მხრიდან წარმოების ან ხარისხის დეფექტით. ქილები ქარხნიდან იდეალურ მდგომარეობაში გავიდა. ეს დაკავშირებული იყო კრიმინალურ ქმედებასთან, რომელსაც სამართალდამცველები იძიებენ. მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, HiPP-ის საბავშვო საკვების ქილების დაზიანების ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა, როგორც ავსტრიაში, ასევე ჩეხეთსა და სლოვაკეთში. პასუხისმგებელმა ორგანოებმა აღნიშნული ქილების შემოწმების შემდეგ დაადგინეს, რომ ისინი ვირთხის შხამს შეიცავდნენ", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
„ბიბისის" ინფორმაციით, „სპარმა" სიფრთხილის ზომები მიიღო და ცნობილი ბრენდის, HiPP-ის საბავშვო საკვები სხვა ქვეყნებში არსებული მაღაზიებიდანაც ამოიღო.
ავსტრიის ხელისუფლებამ მომხმარებლებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ დაზიანებულ ან ღია თავსახურებს, დაკარგულ დამცავ ბეჭედს, საკვების სუნს ან შუშის ქილის ძირზე წითელ წრეზე გამოსახულ თეთრ სტიკერს.
ავსტრიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის სააგენტომ გააფრთხილა მშობლები, რომელთა ბავშვებმაც HiPP-ის საკვები მიიღეს, კონსულტაციისთვის მიმართონ ექიმს, თუ მათ შვილებს სისხლდენის, ძლიერი სისუსტის ან სიფერმკრთალის ნიშნები აღენიშნებოდათ.
მომხმარებლებს ასევე მოეთხოვებათ, არ მიიღონ Eurospar-ში, Interspar-სა და Maximarkt-ში შეძენილი HiPP-ის საკვები და დააბრუნონ ქილები თანხის დაბრუნების მიზნით. პოლიციის ცნობით, სხვა მაღაზიებში გაყიდულ საკვებს საფრთხე არ ემუქრება.
ავტორ(ებ)ი :