The Brussels Times - შარლ მიშელი ურსულა ფონ დერ ლაიენს ძალაუფლების მითვისებაში ადანაშაულებს 20.04.2026 14:20

 

ევროპის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი და ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს აკრიტიკებს და კომისიას ძალაუფლების მითვისებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გამოცემა The Brussels Times წერს.

The Brussels Times-ის ინფორმაციით, შარლ მიშელმა ინტერვიუში მასსა და ევროკომისიის პრეზიდენტს შორის „ღრმად ფესვგადგმული მტრობა" გამოავლინა. მან ასევე გაიხსენა Sofagate-ის სკანდალი, როდესაც ის და ფონ დერ ლაიენი ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ სამიტზე იმყოფებოდნენ.

„პროტოკოლი იდეალურად იყო დაცული", - აცხადებს შარლ მიშელი, თუმცა ევროკომისიას ეპიზოდის საკუთარი როლის გასაძლიერებლად გამოყენებაში ადანაშაულებს.

ევროპის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი კომისიას უფლებამოსილების გადაჭარბებასა და ზოგიერთი კომისრის გვერდზე გაწევაზე სდებს ბრალს, ხოლო ურსულა ფონ დერ ლაიენს „ავტორიტარულ მმართველობაში" ადანაშაულებს.

„დღეს კომისია ცდილობს კონტროლის ხელში აღებას. ეს არ შეესაბამება ხელშეკრულებას", - აცხადებს მიშელი The Brussels Times-თან ინტერვიუში.

გარდა ამისა, ის მიიჩნევს, რომ ევროკავშირის რეაქცია აშშ-ის მიმართ მტრულ დამოკიდებულებაზე არასაკმარისი და არათანმიმდევრული იყო და მაგალითად მოჰყავს ყოფილი კომისარი ტიერი ბრეტონის მიმართ კოორდინირებული პასუხის არარსებობა. ინტერვიუში ის ასევე იხსენებს თავის ლიდერობას ბრიუსელის ტერაქტების, COVID-19 პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში.

მიშელის თქმით, ევროპულ კონტექსტში ის მართალი აღმოჩნდა თავისი ძალისხმევით, რომელიც მიმართული იყო სტრატეგიული ავტონომიის, ენერგეტიკისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისკენ.

რაც შეეხება ბელგიას, ის უფრო პოზიტიურად აფასებს ქვეყნის მომავალს და აცხადებს, რომ შიდა დაყოფა ვერ გაგრძელდება მაშინ, როცა გარე ზეწოლა ასეთად მაღალია.

ამასთან, შარლ მიშელი ქვეყანას ლატეს ადარებს: „შეგიძლია, სცადო ყავისა და რძის ერთმანეთისგან გაყოფა, მაგრამ ეს არ მუშაობს".

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ