24.04.2026 10:08
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრიტანეთის პრინც ჰარის აკრიტიკებს, მას შემდეგ, რაც მონარქის ვაჟმა თეთრი სახლის ლიდერს რუსეთ-უკრაინის ომში „ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა". ამის შესახებ „ინდეფენდენტი" წერს.
კიევში ვიზიტის დროს პრინცმა ჰარიმ დონალდ ტრამპს მოუწოდა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეესრულებინა.
„ამ ამბავში შეერთებული შტატები უნიკალურ როლს ასრულებს. არა მხოლოდ მისი ძალაუფლების გამო, არამედ იმიტომ, რომ როდესაც უკრაინამ ბირთვული იარაღი დათმო, ამერიკა იყო გარანტიის ნაწილი იმისა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი და საზღვრები პატივისცემით იქნებოდა დაცული. ეს არის მომენტი ამერიკული ლიდერობისთვის, მომენტი ამერიკისთვის, რათა აჩვენოს, რომ მას შეუძლია საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება - არა ქველმოქმედების გამო, არამედ გლობალურ უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ სტაბილურობაში მისი მდგრადი როლის გამო", - განაცხადა პრინცმა ჰარიმ.
მის განცხადებას მალევე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი და აღნიშნა, რომ პრინცი „დიდი ბრიტანეთის სახელით არ საუბრობს".
„ვფიქრობ, მე უფრო მეტად ვლაპარაკობ დიდი ბრიტანეთის სახელით, ვიდრე პრინცი ჰარი, მაგრამ მის რჩევებს ძალიან ვაფასებ", - თქვა ტრამპმა.
ავტორ(ებ)ი :