24.04.2026 18:41
სანქციების შემსუბუქება შეიძლება იყოს იმ წვლილის ნაწილი, რომლის შეტანაც შეგვიძლია ამ პროცესის წინსვლისთვის, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა კვიპროსში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი მზადაა, ირანს სანქციები შეუმსუბუქოს.
„ახლა მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. სწორედ ამისთვის ვიბრძვით. ყოვლისმომცველი შეთანხმება თუ იქნება მიღწეული, ჩვენ მზად ვართ, თანდათანობით შევამსუბუქოთ სანქციები. თუმცა, ჯერ აქამდე არ მივსულვართ. ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები. სანქციების შემსუბუქება შეიძლება იყოს იმ წვლილის ნაწილი, რომლის შეტანაც შეგვიძლია ამ პროცესის წინსვლისთვის და, იმედია, ეს ხანგრძლივ ცეცხლის შეწყვეტამდე მიგვიყვანს", - განაცხადა მერცმა
გერმანიის კანცლერის თქმით, საჭიროა სწრაფი შეთანხმება ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების შესახებ, ირანის ბირთვული პროგრამის საბოლოოდ დასრულება და უზრუნველყოფა, რომ ისრაელი აღარ იყოს საფრთხის ქვეშ.
„კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების ასეთ პროცესში, სამი პირობის დაცვით: ომი უნდა დასრულდეს, არსებობდეს სამართლებრივი საფუძველი და ბუნდესტაგის მანდატი; უნდა არსებობდეს მყარი საერთო პოლიტიკური და სამხედრო სტრატეგია, ვიდრე ასეთ ნაბიჯს გადავდგამთ", - განაცხადა მერცმა.
ავტორ(ებ)ი :