ანდრიუს კუბილიუსი: უკრაინას ჯერჯერობით არ შეუძლია ნატოში გაწევრება, ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა კი რთული პროცესია 27.04.2026 21:34

 

ევროპის თავდაცვითი კავშირი დაეხმარებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე უკრაინის, ბრიტანეთისა და ნორვეგიის თავდაცვის შესაძლებლობების ინტეგრაციას. ამის შესახებ თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„უკრაინას ჯერჯერობით არ შეუძლია ნატოში გაწევრიანება. ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა კი რთული პროცესია, რომელსაც არ შეუძლია თავდაცვითი შესაძლებლობების სწრაფი ინტეგრაციის უზრუნველყოფა", - განაცხადა მან.

კუბილიუსი მიიჩნევს, რომ უახლოეს წლებში უკრაინისთვის ყველაზე ეფექტური თავდაცვითი კავშირი შესაძლოა გახდეს ახლად შექმნილი გაერთიანება, რომელიც ორიენტირებული იქნება ევროპული თავდაცვითი შესაძლებლობების ინტეგრაციაზე.

„ჩვენ გვჭირდება ევროპის თავდაცვითი კავშირი, რომელიც უკრაინის, ბრიტანეთისა და ნორვეგიის თავდაცვითი შესაძლებლობების ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვით შესაძლებლობებთან ინტეგრირების საშუალებას მოგვცემს", - ხაზგასმით აღნიშნა ევროკომისარმა.

კუბილიუსმა დასძინა, რომ ასეთი კავშირი დაეხმარებოდა უკრაინას რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების საიმედო გარანტიების მიღებაში. ასევე, მისი თქმით, ეს კავშირი შესაძლოა ქვეყნის ეფექტური აღდგენის საფუძველი გახდეს.

ევროკომისარმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის პარალელური მიერთება საერთო ბაზარსა და ევროპის თავდაცვით კავშირთან იქნებოდა „უკრაინის მიმართ ევროპული სტრატეგიული პოლიტიკის მკაფიო ელემენტი".

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ