აშშ-სა და ირანს შორის პოტენციური შეთანხმების პირველი ნაწილი ომამდე არსებული სტატუსკვოს დაბრუნებასა და ჰორმუზის სრუტის შეზღუდვების გარეშე გახსნაზე იქნება ორიენტირებული-CNN 28.04.2026 15:30

პოტენციური შეთანხმების პირველი ნაწილი ომამდე არსებული სტატუსკვოს დაბრუნებას და ჰორმუზის სრუტის შეზღუდვების გარეშე ხელახლა გახსნაზე იქნება ორიენტირებული, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი" ავრცელებს.

მართალია, აშშ-სა და ირანს პაკისტანში მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის შეხვედრა არ ჩაუტარებიათ, თუმცა, შუამავლობის პროცესთან ახლოს მყოფი წყაროების ცნობით, ორივე მხარე ისეთი დაშორებული არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

გავრცელებული ცნობით, ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი, რომელსაც აშშ და ისრაელი ომის მიზეზად მიიჩნევენ, მოგვიანებით განიხილება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ნებისმიერი შეთანხმება მოითხოვს, ირანმა დათმოს ატომური ბომბისთვის ვარგისი გამდიდრებული ურანის მარაგი და უარი თქვას ურანის გამდიდრებაზე. ეს მოთხოვნები ირანისთვის მიუღებელია.

წყაროების ცნობით, შუამავლები ორივე მხარის დარწმუნებას ცდილობენ შეთანხმების მისაღწევად, განსაკუთრებით კი მომდევნო რამდენიმე დღეა გადამწყვეტი. როგორც „სიენენი" წერს, ამ ყველაფრის შემდეგ არსებობს შანსი, რომ აშშ-მა გადაწყვიტოს მოლაპარაკებებში ჩართულობიდან გამოსვლა და ომში დაბრუნება.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ