02.05.2026 14:50
ჩვენ კვლავ დარწმუნებული ვართ ჩვენს შესაძლებლობაში, უზრუნველვყოთ შეკავება და თავდაცვა, - ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერი ელისონ ჰართი სოციალურ ქსელში წერს.
ელისონ ჰართი გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის ბრძანებას, რომლის მიხედვით, აშშ გერმანიიდან 5 000 ამერიკელ სამხედროს გაიყვანს.
როგორც ნატო-ს პრესსპიკერი წერს, ამ ეტაპზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აქტიურად თანამშრომლობს შეერთებულ შტატებთან, რათა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მეტი დეტალი გაიგოს.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ აუცილებელია თავდაცვაში მეტი ინვესტირება.
„ეს ცვლილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ევროპამ უნდა გააგრძელოს მეტი ინვესტირება თავდაცვაში და აიღოს უფრო დიდი პასუხისმგებლობა საერთო უსაფრთხოებაზე. ამ მიმართულებით პროგრესი უკვე შეინიშნება მას შემდეგ, რაც მოკავშირეები გასულ წელს ნატო-ს სამიტზე შეთანხმდნენ, თავდაცვისთვის მშპ-ის 5% გამოყონ. ჩვენ კვლავ დარწმუნებული ვართ ჩვენს შესაძლებლობაში, უზრუნველვყოთ შეკავება და თავდაცვა, რადგან გრძელდება ტრანსფორმაცია უფრო ძლიერი ევროპისაკენ ძლიერი ნატო-ს ფარგლებში", - წერს ჰართი.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის ბრძანების მიხედვით, გერმანიიდან 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის პროცესი 6-12 თვის განმავლობაში დასრულდება.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, მოსალოდნელი იყო, რომ აშშ ევროპაში სამხედრო კონტინგენტს შეამცირებდა, მათ შორის გერმანიაში. მისივე თქმით, ევროპამ უნდა გააძლიეროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები და მეტი პასუხისმგებლობა აიღოს უსაფრთხოებაზე.
ცნობისთვის, ირანთან მიმდინარე ომის გამო შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს შორის დაძაბულობა გაიზარდა. გერმანიის კანცლერმა სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ამერიკელებს სტრატეგია არ აქვთ", საპასუხოდ დონალდ ტრამპმა ფრიდრიხ მერცი „საშინლად" შეაფასა და თქვა, რომ მას „არაფერი ესმის".
ავტორ(ებ)ი :