ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა განსაზღვრავს, როგორ უპასუხოს რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას 06.05.2026 17:06

უკრაინა განსაზღვრავს, როგორ უპასუხოს რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ზელენსკი წერს, რუსეთის არმია აგრძელებს ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებსა და მასშტაბურ იერიშებს უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის დნიპროზე, ზაპოროჟიესა და კრამატორსკზე.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ მხოლოდ მიმდინარე დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა თითქმის 30 შეტევითი ოპერაცია განახორციელეს.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დილის 10:00 საათისთვის რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, სულ მცირე, 1820-ჯერ დაარღვია.

„დაბომბვა, თავდასხმის მცდელობა, საჰაერო იერიშები და დრონები - დილის 10:00 საათისთვის რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, სულ მცირე, 1820-ჯერ დაარღვია. უკრაინამ ნათლად განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნას მოსკოვში დაგეგმილი აღლუმის პერიოდში დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სარკისებურად უპასუხებს. ყველა ნორმალური ადამიანისთვის აშკარაა, რომ სრულმასშტაბიანი ომი და ადამიანების ყოველდღიური მკვლელობები ცუდი დროა საჯარო „ზეიმისთვის"", - წერს ზელენსკი.

ზელენსკის თქმით, უკრაინის მხრიდან დიპლომატიური წინადადებები კვლავ ძალაშია და რეალური მშვიდობისთვის საჭიროა მხოლოდ რუსეთის მზადყოფნა.

„დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსულმა მხარემ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ჩვენი სამხედრო და დაზვერვის ანგარიშების საფუძველზე, ჩვენ გადავწყვეტთ ჩვენს შემდგომ ქმედებებს", - წერს ზელენსკი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ