06.05.2026 17:12
სომხეთი არ იქნება პროვინცია, ის არ იქნება პოლიტიკურად დამოკიდებული და ბელარუსის მმართველობის მაგალითი მიუღებელია როგორც სომხეთისთვის, ასევე პირადად ჩემთვის, - ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
სიმონიანმა კომენტარი გააკეთა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სომხეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებლისთვის წინა დღით გადაცემულ საპროტესტო ნოტასთან დაკავშირებით. კერძოდ, 5 მაისს სომეხ დიპლომატს, არტურ სარგსიანს ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში „მკაცრი პროტესტი" და ნოტა გადაეცა „სომხური მხარის ბოლოდროინდელ არამეგობრულ ქმედებებთან დაკავშირებით". ეს ეხება სომხეთის პარლამენტის სპიკერის, ალენ სიმონიანის მოსაზრებებს, რომელმაც 2 მაისს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ უნდა „იმართებოდეს ისე, როგორც ბელარუსი". 4 მაისს, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ განცხადებებს „საარჩევნო პოპულიზმი" და შიდა პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა უწოდა.
სიმონიანმა ბელარუსის ხელისუფლება აზერბაიჯანთან 44-დღიანი ომისთვის მომზადების დახმარებაში დაადანაშაულა.
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" პარტნიორის უპატივცემულო დამოკიდებულება სომხეთის მიმართ ურთიერთობებს აუარესებს ისევე, როგორც აზერბაიჯანთან ერთად 44-დღიანი ომის მომზადება და „ბევრი სხვა რამ".
როგორც სიმონიანმა აღნიშნა, ქვეყნის პოლიტიკას თავად ქვეყანა განსაზღვრავს და სომხეთისთვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების არჩევანი უმნიშვნელოვანესია.
„ჩვენ ავირჩიეთ დემოკრატიული გზა, ისინი კი (ბელარუსი) ცოტა განსხვავებული არიან, სომხეთისგან განსხვავდებიან", - განაცხადა ალენ სიმონიანმა.
არადიპლომატიური ენის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას სიმონიანმა განაცხადა, რომ ეს მისი ხასიათია და რომ საპარლამენტო მოვალეობები მას არ ზღუდავს, დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლებისგან განსხვავებით.
ავტორ(ებ)ი :