14.05.2026 13:44
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება. ეს ნიშნავს ქვეყნის მთელი მთავრობის გადადგომას.
„ამჟამად პოლიტიკურმა შურმა და ვიწროპარტიულმა ინტერესებმა პასუხისმგებლობას აჯობა. როდესაც თავდაცვის მინისტრის პოსტზე ძლიერი კანდიდატი გამოჩნდა, პოლიტიკურმა მოლაყბეებმა სამთავრობო კრიზისი აირჩიეს. ამიტომ ვაცხადებ, რომ თანამდებობას ვტოვებ. ეს მარტივი გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ მოცემულ ვითარებაში ეს პატიოსანი გადაწყვეტილებაა", - განაცხადა სილინიამ.
13 მაისს სილინია შეხვდა ფრაქცია „პროგრესულებს" (რომელიც მმართველ კოალიციაში შედიან პარტიებთან „ახალი ერთიანობასა" და „მწვანეთა და გლეხთა კავშირთან" ერთად). შეხვედრის შემდეგ სეიმში ფრაქციის ხელმძღვანელმა, ანდრის შუვაევმა განაცხადა, რომ შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდა და მთავრობამ, ფაქტობრივად, ქმედუნარიანობა დაკარგა. მან ასევე ქვეყნის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს ახალი მთავრობის ფორმირებისთვის კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდა.
პოლიტიკური კრიზისი ლატვიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც 7 მაისის ღამით ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსეთის მხრიდან ორი უპილოტო აპარატი შევიდა. ერთ-ერთი ჩამოვარდნილი დრონი ქალაქ რეზეკნეს ნავთობბაზაზე ცარიელ რეზერვუარებს დაეცა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ მოგვიანებით განაცხადა, რომ უკრაინული დრონები ლატვიაში რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების მუშაობის შედეგად აღმოჩნდნენ, რომლებიც „განზრახ ცვლიდნენ უკრაინული დრონების კურსს".
10 მაისს ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა გადადგომის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, რათა „ლატვიის არმია პოლიტიკური კამპანიის ნაწილად არ ქცეულიყო". ამის შემდეგ ქვეყნის პრემოერ-მინისტრმა თქვა, რომ სპრუდსმა საზოგადოების ნდობა დაკარგა. მისი განცხადებით, დრონებთან დაკავშირებულმა ინციდენტმა აჩვენა, რომ თავდაცვის სფეროს ხელმძღვანელობამ „უსაფრთხო ცის შესახებ გაცემული დაპირება ვერ შეასრულა".
ავტორ(ებ)ი :