14.05.2026 16:25
ჩინური ერის დიდი გაახალგაზრდავება და „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი" შეიძლება, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იყოს, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პატივსაცემად გამართულ ბანკეტზე განაცხადა.
სი ძინპინის თქმით, ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ხალხები ორივე დიდი ხალხია და შეუძლიათ, დაეხმარონ ერთმანეთს წარმატების მიღწევაში და მთელი მსოფლიოს კეთილდღეობის წინ წაწევაში. ჩინეთის ლიდერის განცხადებით, ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთპატივისცემა „გასაღებია იმის დასადგენად, შეძლებს თუ არა ურთიერთობა სტაბილურად წინსვლას".
„მსოფლიო იცვლება და ტურბულენტურია", - თქვა სი ძინპინმა და აღნიშნა, რომ აშშ-ჩინეთის ურთიერთობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ორივე ქვეყანაში მცხოვრებ 1.7 მილიარდ ადამიანზე, არამედ მსოფლიოში მცხოვრებ რვა მილიარდზე მეტ ადამიანზე.
სი ძინპინის თქმით, ორივე მხარემ ეს პასუხისმგებლობა უნდა „აიღოს".
„დღეს, პრეზიდენტ ტრამპთან ერთად, ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებსა და საერთაშორისო და რეგიონულ დინამიკაზე დეტალური საუბარი გვქონდა. ორივეს გვჯერა, რომ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობაა. ჩვენ ეს უნდა განვავითაროთ და არასდროს გავანადგუროთ. ჩინეთსაც და შეერთებულ შტატებსაც თანამშრომლობით - მოგება და დაპირისპირებით წაგება ელის. ჩვენი ორი ქვეყანა პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები. პრეზიდენტი ტრამპი და მე ასევე შევთანხმდით, რომ ავაშენოთ ჩინეთ-აშშ-ის კონსტრუქციული ურთიერთობა სტრატეგიული სტაბილურობის საფუძველზე, რათა ხელი შევუწყოთ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების სტაბილურ, ჯანსაღ და მდგრად განვითარებას და მსოფლიოს მეტი მშვიდობა, კეთილდღეობა და პროგრესი მოვუტანოთ", - აღნიშნა სი ძინპინმა.
ავტორ(ებ)ი :