15.05.2026 10:38
ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტის მეორე დღეს დონალდ ტრამპი სი ძინპინს შეხვდა.
შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა „ძალიან ძლიერია". ტრამპის თქმით, ჩინეთში ვიზიტი მისთვის დიდი პატივია.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, სი ძინპინთან ირანის საკითხი განიხილა.
„ეს იყო წარმოუდგენელი ვიზიტი. ჩვენ დავდეთ რამდენიმე ფანტასტიკური სავაჭრო შეთანხმება. ის არის ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, ჩვენ ძალიან დავმეგობრდით. ჩვენ განვიხილეთ ირანის საკითხი. ამასთან დაკავშირებით მსგავსი შეხედულებები გვაქვს - გვინდა, ეს დასრულდეს. არ გვინდა, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. გვინდა, რომ სრუტეები გაიხსნას. მათ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ფლობა. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ სი ძინპინს. ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივია. ეს მართლაც შესანიშნავი რამდენიმე დღე იყო", - განაცხადა ტრამპმა.
თავის მხრივ, ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს იყო ისტორიული ვიზიტი, რომლის განმავლობაშიც აშშ-სა და ჩინეთს შორის ახალი, კონსტრუქციული ურთიერთობა დამყარდა.
„ეს ვიზიტი ისტორიული და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ჩვენ დავამყარეთ ახალი, კონსტრუქციული სტრატეგიული ურთიერთობა ჩვენს ორ ერს შორის. ეს ნამდვილად შეიძლება შეფასდეს, როგორც მნიშვნელოვანი მოვლენა", - განაცხადა სი ძინპინმა.
როგორც მედია წერს, შეხვედრის დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპი ვაშინგტონში გაემგზავრება.
ავტორ(ებ)ი :