ჩეხეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი დააკავეს - მის ავტომობილში „თეთრი ფერის ნივთიერება" აღმოაჩინეს 25.05.2026 14:50

ჩეხეთის ქალაქ კარლოვი-ვარიში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების ყოფილი ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი) დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ მის ტელეგრამ-არხზე გავრცელდა.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ 24 მაისს, კარლოვი-ვარიში ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ, პოლიციამ გააჩერა ავტომობილი, რომელშიც მიტროპოლიტი და მისი ოპერატორი იმყოფებოდნენ. ავტომობილის ჩხრეკისას საბარგულში აღმოაჩინეს „ოთხი მცირე ზომის კონტეინერი თეთრი ფერის ნივთიერებით".

 

„ნივთიერების შემადგენლობა, წარმომავლობა და ხასიათი მხოლოდ შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად უნდა დადგინდეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

მიტროპოლიტმა ილარიონმა უარყო აკრძალული ნივთიერებების შენახვასთან რაიმე კავშირი.

 

„მე არ მაქვს და არასდროს მქონია არანაირი კავშირი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვასთან. ჩემთვის, როგორც სასულიერო პირისთვის, მსგავსი ბრალდებაც კი აბსოლუტურად სიცრუეა. მოვითხოვ სრულ, დამოუკიდებელ და პროცესუალურად გამართულ გამოძიებას", - განაცხადა მან.

 

მიტროპოლიტის ადვოკატის, მიხალ პაკოვსკის თქმით, ავტომობილს გზატკეცილზე ფაქტობრივად ელოდებოდა ორი საპოლიციო მანქანა - ერთმა წინ გაუსწრო, მეორე კი უკან მიჰყვა. პოლიციელებმა დოკუმენტები არა მხოლოდ მძღოლს, არამედ თავად მიტროპოლიტსაც მოსთხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ, ადვოკატის თქმით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზია არ არსებობდა.

 

მისივე განცხადებით, ილარიონი ბენზინგასამართ სადგურზე მდებარე მაღაზიაში გადაიყვანეს და ავტომობილის ჩხრეკაზე დაკვირვების საშუალება არ მისცეს.

 

ილარიონმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ მიიღო ანონიმური მუქარები, მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაც, მოთხოვნით, დაეტოვებინა მსახურების ადგილი.

 

მიტროპოლიტი ილარიონი 2009 წლიდან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მას პატრიარქ კირილის შესაძლო მემკვიდრედაც მოიაზრებდნენ.

 

2022 წლის ივნისში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ილარიონი თანამდებობიდან გაათავისუფლა და ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიის მმართველად დანიშნა.

 

2024 წლის დეკემბერში კი სინოდმა იგი ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიის მართვასაც ჩამოაშორა - რამდენიმე თვის შემდეგ, რაც მიტროპოლიტს სექსუალურ შევიწროებაში დასდეს ბრალი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ