25.05.2026 18:12
დონალდ ტრამპმა ირანთან გარიგება „აბრაამის შეთანხმებას" დაუკავშირა, - ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა. ვრცელ პოსტში ტრამპი აცხადებს, რომ თეირანთან შეთანხმება თუ არ შედგება, ომი განახლდება.
„მოლაპარაკებები ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ძალიან კარგად მიმდინარეობს. ეს იქნება ან მართლაც დიდი შეთანხმება ყველასთვის, ან საერთოდ არ იქნება შეთანხმება და მაშინ იქნება დაბრუნება ფრონტზე, სროლა, ოღონდ უფრო მასშტაბურად და ძლიერად, ვიდრე ოდესმე. ეს არავის სურს!" - წერს ტრამპი.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ირანთან შეთანხმების შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები უნდა შეუერთდნენ „აბრაამის შეთანხმებას". ტრამპის თქმით, საუბარია საუდის არაბეთზე, კატარზე, პაკისტანზე, თურქეთზე, ეგვიპტესა და იორდანიაზე.
„შესაძლოა, ერთ ან ორ ქვეყანას ჰქონდეს მიზეზი, რატომაც ვერ მოაწერს ხელს და ეს მისაღები იქნება, მაგრამ უმეტესობა მზად უნდა იყოს, ჰქონდეს ნება და უნარი, რათა ეს შეთანხმება ირანთან კიდევ უფრო ისტორიულ მოვლენად აქციოს, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა", - წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ „აბრაამის შეთანხმება" უკვე გახდა ფინანსური, ეკონომიკური და სოციალური წარმატების მომტანი მონაწილე ქვეყნებისთვის - არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, მაროკოს, სუდანისა და ყაზახეთისთვის.
„ამ შეთანხმების წევრებს არასდროს უთქვამთ, რომ შეთანხმებიდან გასვლა ან თუნდაც პაუზის აღება სურთ. ამის მიზეზი ის არის, რომ ეს შეთანხმება მათთვის შესანიშნავი აღმოჩნდა და მომავალში ყველასთვის კიდევ უკეთესი იქნება. ის პირველად 5 000 წლის განმავლობაში, მოუტანს ნამდვილ ძალას, სიმტკიცეს და მშვიდობას ახლო აღმოსავლეთს", - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
დონალდ ტრამპის თქმით, პროცესი უნდა დაიწყოს საუდის არაბეთისა და კატარის შეერთებით „აბრაამის შეთანხმებასთან".
„ეს პროცესი უნდა დაიწყოს იმით, რომ საუდის არაბეთი და კატარი დაუყოვნებლივ მოაწერენ ხელს, ხოლო დანარჩენები მათ მიჰყვებიან. ისინი ამას თუ არ გააკეთებენ, არ უნდა იყვნენ ამ შეთანხმების ნაწილი, რადგან ეს ცუდ განზრახვაზე მიუთითებს", - აღნიშნავს ტრამპი.
ამასთან, ტრამპის არც იმას გამორიცხავს, რომ „აბრაამის შეთანხმებას" ირანიც შეუერთდეს.
„ეს მართლაც განსაკუთრებული რამ იქნებოდა. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც ეს დიდი, მაგრამ მუდმივად კონფლიქტში მყოფი ქვეყნები ოდესმე მოაწერენ ხელს. ვერც წარსულში და ვერც მომავალში ვერაფერი გადააჭარბებს ამას. ამიტომ მე სავალდებულოდ მოვითხოვ, ყველა ქვეყანამ დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი აბრაამის შეთანხმებას. ირანი ხელს თუ მოაწერს თავის შეთანხმებას ჩემთან, როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, დიდი პატივი იქნება მათი ამ უპრეცედენტო მსოფლიო კოალიციაში ხილვა. ახლო აღმოსავლეთი გახდება ერთიანი, ძლიერი და ეკონომიკურად ძლიერი", - წერს ტრამპი.
ავტორ(ებ)ი :