დიმიტრი პესკოვი - გაზის სუბსიდია, რომელსაც სომხეთი იღებს, რუსეთის ხარჯზეა, ყველაფერს უნდა ვუწოდოთ თავისი სახელი, ეს არის ჩვენი დახმარება სომხეთისთვის 27.05.2026 17:55

 

კრემლმა გაზის სუბსიდიებს, რომელსაც სომხეთი იღებს, რუსეთის დახმარება უწოდა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ როდესაც ევროპელებზე გაზს 500-700 დოლარად ყიდიან, არავინ ეხმარება მათ საკუთარი ხარჯებით.

„სარგებელი ყოველთვის ვიღაცის ხარჯზეა. ანუ, სომხების მიერ მიღებული სარგებელი ყოველთვის ვიღაცის ხარჯზეა; ის უბრალოდ ციდან არ ვარდება. ეს რუსეთის ფედერაციის ხარჯზეა. ეს ნამდვილად ჩვენი წვლილია სომხეთის განვითარებაში. სომხეთი მოძმე ქვეყანაა, ის იყო და დარჩება მოძმედ. თუმცა ეს ჩვენს ხარჯზე ხდება და ყველაფერს უნდა ვუწოდოთ თავისი სახელი: ეს არის ჩვენი დახმარება სომხეთისთვის", - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვმა სომხეთთან გაზის შესახებ შეთანხმებებს კომერციული საკითხი უწოდა და აღნიშნა, რომ არაფერი იცის ერევანთან დადებული შეთანხმებების შესაძლო დენონსაციის შესახებ.

„არსებობს შეღავათიანი ფასი, ის შეიძლება, იყოს უფრო მაღალი, შეიძლება, იყოს უფრო დაბალი, შეიძლება, გადაიხედოს. კორპორაციებს შეუძლიათ ამ საკითხის წამოჭრა. ეს კორპორაციული საკითხია, „გაზპრომს" უნდა მიმართოთ", - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

დიმიტრი პესკოვის თქმით, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შეხვედრების დღის წესრიგი სომხეთთან დაკავშირებული სიტუაციის გამო რთულია.

„გაიმართება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ეკონომიკური კონგრესი და ხვალ თავად მოლაპარაკებები გაიმართება. დღის წესრიგი რთულია. ინტეგრაციის თემის გარდა, თქვენ იცით, რომ სომხეთთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა", - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაცია შეუთავსებელია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობასთან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ