01.06.2026 18:04
უკრაინის უსაფრთხოება ჩვენს უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირშია. ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, რადმილა შეკერინსკამ განაცხადა.
შეკერინსკას თქმით, ანკარაში 11 ივნისს დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი სწორედ უკრაინა იქნება.
„უკრაინის უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია ჩვენს უსაფრთხოებასთან. ეს არის წინადადება, რომელსაც ყველა ვიმეორებთ, რადგან ეს სიმართლეა. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების კუთხით მრავალი მწვავე გამოწვევის წინაშე ვდგავართ, უკრაინა ჩვენს რადარზე რჩება და ჩვენი მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს. ასე ვხედავთ ნატო-ს გეგმებს", - განაცხადა შეკერინსკამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე.
რადმილა შეკერინსკას განცხადებით, ნატო-ს ინიციატივამ - „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია" - უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს.
მისივე თქმით, სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში ქვეყანას „პეტრიოტის" ბატარეებისთვის განკუთვნილი ყველა რაკეტის 70 პროცენტი, ასევე სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებში გამოსაყენებელი საბრძოლო მასალის 90 პროცენტი მიაწოდეს. თუმცა, როგორც ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე აცხადებს, ქვეყანას მეტი საჰაერო თავდაცვა, მეტი დრონი და მეტი საბრძოლო მასალა სჭირდება, თანაც სწრაფად.
„ჩვენ მას ტვირთად არ აღვიქვამთ. ამას ჩვენს პასუხისმგებლობად და ჩვენსავე უსაფრთხოებაში ინვესტიციად მივიჩნევთ. უკრაინა მხოლოდ უსაფრთხოების მიმღები არ არის, ის სულ უფრო მეტად ხდება უსაფრთხოების პროვაიდერი", - განაცხადა რადმილა შეკერინსკამ.
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ჭირვეულობს და სწორედ ამიტომ უფრო უგუნური ხდება. რადმილა შეკერინსკას თქმით, უკრაინას უფრო მეტად უნდა დაუჭირონ მხარი.
ამასთან, მისივე განცხადებით, უკრაინა ახალი სამხედრო ტექნოლოგიების მოწინავე ლაბორატორიად იქცა.
„უკრაინელების გამოცდილებიდან ძალიან ბევრს ვსწავლობთ. ისინი ინოვაციური ძალა ხდებიან და სწორედ ამიტომ დღეს და ხვალ ვილნიუსში ნატო-უკრაინის ინოვატორების ფორუმს გავმართავთ, რათა ვისაუბროთ ამ ცოდნისა და ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე. უკრაინა ახლა თავდაცვითი ტექნოლოგიების, მაღალტექნოლოგიური სისტემების, ელექტრონული ომის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამიზნებისა და მრავალი სხვა ასპექტის ყველაზე მოწინავე, რეალური ლაბორატორიაა", - თქვა შეკერინსკამ.
როგორც მან აღნიშნა, სამუშაო კიდევ ბევრია. მისივე თქმით, მომავლის პროგნოზირებისთვის საუკეთესო გზა მისი შექმნაა.
„ჩვენი როლი ამ უსაფრთხო, დაცული მომავლის შექმნაში ჩვენს რესურსებში ინვესტირებაა; უფრო ძლიერ ევროპაში, უფრო ძლიერ ალიანსში ინვესტირება", - განაცხადა რადმილა შეკერინსკამ.
ავტორ(ებ)ი :