03.06.2026 21:12
ირანთან სამხედრო ოპერაცია დასრულდა და აშშ-მა გამარჯვებას მიაღწია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლის დროს განაცხადა.
რუბიოს თქმით, შეერთებულმა შტატებმა დასახულ მიზნებს მიაღწია.
მოსმენის დროს დემოკრატმა კონგრესმენმა, სარა ჯეიკობსმა რუბიოს ჰკითხა, ომი თუ დასრულდა, ვინ არის გამარჯვებული, რაზეც რუბიომ განაცხადა, რომ ოპერაცია „ეპიკური მრისხანება" დასრულებულია.
„ჩვენ აღარ ვახორციელებთ ირანის ტერიტორიაზე უწყვეტ სამხედრო დარტყმებს მისი სამხედრო შესაძლებლობების შესასუსტებლად, რადგან „ეპიკური მრისხანება" დასრულდა", - განაცხადა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ გამარჯვებად მიიჩნევს ირანის სამხედრო-სამრეწველო ბაზის განადგურებას, სარაკეტო გამშვები დანადგარების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირებას, დრონების მარაგების შემცირებას, ასევე ირანის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის განადგურებას.
„ეს ყველაფერი აღარ არსებობს. ამიტომ, ამას გამარჯვებად მივიჩნევ და სწორედ ეს იყო ოპერაციის მიზანი", - განაცხადა რუბიომ.
მოსმენის დროს კონგრესმენმა შეახსენა ცნობები, რომლის მიხედვითაც ირანი სამხედრო-სამრეწველო შესაძლებლობების აღდგენას მოსალოდნელზე სწრაფად ახერხებს.
რუბიომ განაცხადა, რომ აღნიშნულ სადაზვერვო შეფასებებს არ იცნობს და აღნიშნა, რომ ზოგჯერ სადაზვერვო ინფორმაცია კონკრეტული ნარატივების გასაძლიერებლად გამოიყენება.
მისი თქმით, ირანის რეჟიმი „გახლეჩილია", ხოლო ქვეყნის ეკონომიკა სერიოზულ პრობლემებს განიცდის.
სარა ჯეიკობსმა მისი შეფასება არ გაიზიარა და უპასუხა: „ამერიკელი ხალხი სულელი არ არის, ბატონო სახელმწიფო მდივანო. ყველამ ვიცით, რომ ეს ომი არ დასრულებულა".
ავტორ(ებ)ი :