05.06.2026 20:50
რუსეთი გააგრძელებს უკრაინის დენაციფიკაციის მიზნის მიღწევას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთს ჰქონდა უფლება, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები დამოუკიდებლად ეცნო.
„გვქონდა თუ არა მათი ცნობის უფლება? გვქონდა. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით გაერო-ს ქარტიას", - აღნიშნა პუტინმა.
პუტინის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია დონბასს გაათავისუფლებს.
„ზელენსკის წერილში ნათქვამია, რომ ჩვენი მიზანია დონბასის გათავისუფლების მიღწევა. დონბასი ორი რესპუბლიკაა: ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკა. იმავე წერილში ნათქვამია, რომ ჩვენ ამას ვერასდროს მივაღწევთ. თუმცა, ჩვენ მშვიდად, მაგრამ თავდაჯერებულად მივდივართ ამ ამოცანების გადაჭრისკენ. ეჭვი არ არის, რომ ამას მივაღწევთ", - აღნიშნა პუტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, დოლარის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობა აშშ-ის წინა ხელმძღვანელობის სტრატეგიული შეცდომა იყო.
„პირველი, რაც მინდა ვთქვა - აშშ-ში ბევრი ამას ხვდება - არის ის, რომ დოლარის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობა აშშ-ის წინა ხელმძღვანელობის მძიმე სტრატეგიული შეცდომა იყო. დოლარი აშშ-ის ეკონომიკური ძალაუფლების ერთ-ერთი კომპონენტია. ეს უპირატესობა აისახება იმაში, რომ აშშ ფულს შოულობს და საკმაოდ ბევრს", - განმარტა პუტინმა.
ავტორ(ებ)ი :