16.06.2026 17:32
სერგეი ლავროვის თქმით, ევროკავშირი მთელ თავის უსაფრთხოების სტრუქტურებს რუსეთის წინააღმდეგ აყალიბებს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ჩვენი ინტერესების პერსპექტივიდან, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას უდავოდ გამოიყენებენ ისინი, ვინც ევროკავშირის მილიტარიზაციას ცდილობს",- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლავროვის თქმით, ამჟამად დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ევროპის მიმართ შეინიშნება გარკვეული დისტანცირება აშშ-ის წვლილის კუთხით ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ხოლო თავად ევროკავშირს სამხედრო ბლოკად გარდაქმნის ტენდენცია გააჩნია.
ლავროვის განცხადებით, როდესაც 2014 წლის მარტში ყირიმის კონტექსტში უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხი განიხილებოდა, რუსეთის პრეზიდენტი ხაზს უსვამდა, რომ მოსკოვი კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის ნატო-ში შესვლას, ხოლო ევროკავშირი განიხილებოდა, როგორც ეკონომიკური გაერთიანება, რომელიც მშვიდობიანი საქმიანობით არის დაკავებული და მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ პროექტებს ახორციელებს და ამ მხრივ რუსეთს მაშინ პრეტენზია არ ჰქონია.
„მას შემდეგ ევროკავშირი რადიკალურად შეიცვალა. ახლა კი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ევროპის მიმართ უფრო ცივი დამოკიდებულების ფონზე, განსაკუთრებით ვაშინგტონის მიერ ევროკავშირის უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილის თვალსაზრისით, რამდენიმე ტენდენცია იკვეთება. ერთ-ერთი მათგანია ევროკავშირის დამოუკიდებელ სამხედრო ბლოკად ჩამოყალიბება შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. მეორე ტენდენცია კი ის არის, რომ ევროკავშირის წევრები მიიჩნევენ, რომ მარტო ვერ უმკლავდებიან ამ გამოწვევებს. ჩვენი ინფორმაციით, ბრიტანეთი აქტიურად ავითარებს იდეას, შეიქმნას ცალკე სამხედრო ალიანსი, რომელშიც გაერთიანდებიან ევროკავშირში არსებული ყველაზე მკვეთრად ანტირუსულად განწყობილი ძალები, მათ შორის თავად ლონდონი და უკრაინა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ იდეებისა და განხილვის ეტაპზეა. თუმცა, განხილვების უკან ერთი აშკარა ფაქტი დგას, რომ ევროკავშირი თავის უსაფრთხოების მთელ სისტემას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აყალიბებს. ჩვენი ინტერესების პერსპექტივიდან კი, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებლად იქნება გამოყენებული მათ მიერ, ვისაც მისი მილიტარიზაცია სურს. უფრო მეტიც, ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის ევროპული შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისთვის და მას მსგავსი განცხადებები არაერთხელ გაუკეთებია", - განაცხადა ლავროვმა.
ავტორ(ებ)ი :