სომხეთის ცესკო-მ რობერტ ქოჩარიანს საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნა 17.06.2026 23:17

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბლოკ "სომხეთის ალიანსის" ლიდერს, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნა. გადაწყვეტილება ცესკო-ს სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა არამ ორბელიანმა გაახმოვანა.

 

დაცვის მხარის განცხადებით, გამოძიება ქოჩარიანს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ფულის გათეთრებას ედავება. საქმე ეხება 2004 წელს, ქოჩარიანის საპრეზიდენტო პერიოდში დამტკიცებულ ტრანზაქციას.

 

არამ ორბელიანის განმარტებით, გარიგება სამართლებრივად არასდროს გასაჩივრებულა და მასში ყოფილი პრეზიდენტი ან მისი ოჯახის წევრები ჩართულნი არ ყოფილან. ადვოკატის თქმით, პროკურატურა 2004 წლის ტრანზაქციის დაკავშირებას ცდილობს 2008 წლის მოვლენებთან, როდესაც რობერტ ქოჩარიანის ვაჟმა, სედრაკ ქოჩარიანმა, ჩოგბურთის კომპლექს "მასტერ კლასის" წილი შეიძინა.

 

რობერტ ქოჩარიანის ხელმძღვანელობით მოქმედმა "სომხეთის ალიანსმა" 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერი გადალახა და ახალ პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა. პოლიტიკური პარტიის ლიდერის სტატუსიდან გამომდინარე, ქოჩარიანი სარგებლობდა სპეციალური სამართლებრივი იმუნიტეტით, რომლის თანახმადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას ან თავისუფლების შეზღუდვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარ თანხმობა სჭირდებოდა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ