20.06.2026 15:24
ლონდონის მახლობლად ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი" ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დაღუპული ერთ-ერთი მატარებლის მძღოლია. რაც შეეხება დაშავებულებს, 11-მა ადამიანმა ძალიან მძიმე დაზიანებები მიიღო, 22 ადამიანი სერიოზულად დაშავდა, ხოლო 56-ს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
რა გახდა შეჯახების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ექიმი, რომელიც ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა და მსუბუქად დაშავდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ შეჯახება მოულოდნელად მოხდა. მისი თქმით, ერთ-ერთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა.
დაღუპულისა და დაშავებულების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.
ავტორ(ებ)ი :