23.06.2026 22:20
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა 2022 წელს სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე.
„ეს უნდა მოხდეს სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების, ანკორიჯში განხილული საკითხებისა და რეალობის საფუძველზე - რაც მთავარია, ადგილზე არსებული რეალობის საფუძველზე. ასევე, იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც რამდენიმე წლის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოსვლისას გამოვთქვი", - აღნიშნა პუტინმა.
ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ტერიტორიას ყოველდღიურად კარგავენ.
მისი თქმით, რუსეთი ყველა სფეროში გააგრძელებს წინსვლას ეკონომიკურ სტაბილიზაციასა და სამხედრო მიღწევებზე დაყრდნობით.
ამასთან, პუტინის თქმით, „კიევის რეჟიმი" პოტენციურ მოლაპარაკებებში ძლიერი პოზიციის შთაბეჭდილების შექმნას ცდილობს. მისი განმარტებით, „რეალობა ბრძოლის ველზე სრულიად განსხვავებულია".
ამასთან, პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის დაასახელა ოთხი პრინციპი, რომელიც მან 2024 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოსვლისას ახსენა: „კიევმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები „დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან", ასევე, „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან", ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებიდან და უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანების გეგმებზე".
ცნობისთვის, 2022 წლის მარტში, სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები გაიმართა, სადაც შეხვედრის მთავარი თემა ომის შეწყვეტა და შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა იყო. რუსული მხარე უკრაინისგან ქვეყნის ნატო-ში არშესვლას, ბირთვულ იარაღზე უარის თქმას, საკუთარ ტერიტორიაზე უცხოური ჯარებისა და იარაღის შეზღუდვას და შეიარაღებული ძალების 85 000 ჯარისკაცამდე შემცირებას მოითხოვდა. სანაცვლოდ, რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი უზრუნველყოფდნენ უსაფრთხოების გარანტიებს, ხოლო მოსკოვი, ყირიმის გარდა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გავიდოდა, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილების სტატუსი კი, ცალკე მოლაპარაკებების საგანი გახდებოდა. მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა.
ავტორ(ებ)ი :