24.06.2026 22:31
ლიეტუვის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთში გაეძევებინა ჩეჩნური წარმოშობის პირი, რომელსაც ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსის გაგრძელებაზე უარი ეთქვა.
ეს ზომა განხორციელდა მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პირი ლიეტუვაში ორ ათწლეულზე მეტს ცხოვრობდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი როზა დუნაევა ავრცელებს. მისი ცნობით, მამაკაცი ომს თითქმის 20 წლის წინ გამოიქცა და ლიეტუვას შეაფარა თავი; შესაბამისად, მან ემიგრაციაში უფრო მეტი დრო გაატარა, ვიდრე საკუთარ სამშობლოში.
დუნაევას თქმით, ბესლანი წარსულში ჩეჩნეთში ფედერალური ძალების წინააღმდეგ იბრძოდა. მისი ოჯახის წევრების უმეტესობა საომარ მოქმედებებს შეეწირა, ხოლო გადარჩენილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არიან გაფანტულნი. უფლებადამცველი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ ესტემიროვის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) მიმდინარე დავის ნაწილი იყო. ის აცხადებდა, რომ რუსეთში დაბრუნება მისთვის პირდაპირ საფრთხესთან და დევნასთან იქნებოდა დაკავშირებული. დუნაევამ Kavkaz.Realii-ს დაუდასტურა, რომ მათ უკვე მიმართეს ლიეტუვის სახელმწიფო სტრუქტურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მომხდარის სამართლებრივი შეფასების მოთხოვნით.
The Insider-ის ცნობით, ლიეტუვის ხელისუფლების წყაროებზე დაყრდნობით, დეპორტირებულის ვინაობა ბესლან ესტემიროვია. 2018 წელს მედიასაშუალება Delfi-მ გაავრცელა ცნობა, რომ მას ჩეჩნეთში არსებული საფრთხის გამო ლიეტუვამ პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა. ესტემიროვი მანამდე ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით 2014 წელს იქნა გასამართლებული, თუმცა პირობითი სასჯელით გათავისუფლდა. მოგვიანებით ის კვლავ დააკავეს ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციისა და პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით, რასაც თავად ესტემიროვი უარყოფდა.
მანამდე Kavkaz.Realii-ს რედაქციამ გააშუქა, რომ ბესლანი მაშინ დააკავეს, როდესაც ბინადრობის ნებართვის განახლების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. დაკავების კონკრეტული მოტივები გაურკვეველი დარჩა. როგორც დუნაევა აღნიშნავს, გასული წლის დეკემბერში ლიეტუვის ოფიციალურმა პირებმა ჩეჩნურ დიასპორას პირობა მისცეს, რომ ჩეჩნების რუსეთში ექსტრადიცია არ განხორციელდებოდა.
ჰელსინკში ჩეჩნური დიასპორის წევრებმა პიკეტი გამართეს, სადაც ლტოლვილთა და მიგრანტთა უფლებების დაცვა მოითხოვეს და ხელისუფლების ყურადღება გაამახვილეს თავშესაფრის მაძიებლების სტიგმატიზაციის პრობლემაზე.
პარალელურად, ავსტრიაში ჩეჩენმა ძალით გადაადგილებულმმა პირებმა კრემსის ციხის წინ აქცია მოაწყვეს, სადაც ციხის სისტემაში არსებული ძალადობისა და სიკვდილიანობის შემთხვევების გამჭვირვალე გამოძიება მოითხოვეს. აღსანიშნავია, რომ მანამდე მსგავსი დეპორტაცია ესტონეთის ხელისუფლებამაც განახორციელა, რასაც როზა დუნაევა თავშესაფრის მაძიებლისთვის სამართლებრივი დაცვის მექანიზმების ჩამორთმევად აფასებს.
ავტორ(ებ)ი :