28.06.2026 17:55
ისრაელის მთავრობამ ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის ოფიციალურად აღიარების გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
„ისრაელი შეუერთდა 32 ქვეყანას, რომლებმაც შეასრულეს მორალური ვალი ისტორიული ჭეშმარიტების აღიარებით და მისი უარყოფის მცდელობების უარყოფით", - დაწერა საარმა სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, მთავრობამ ერთხმად მიიღო მის მიერ წარდგენილი კანონპროექტი.
„არასდროს არ არის გვიან, სწორად მოქმედება. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდაჭერისთვის და მთავრობის მინისტრებს სომეხთა გენოციდის ისრაელის მიერ აღიარების შესახებ ჩემს მიერ ინიცირებული რეზოლუციის ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის", - აღნიშნა საარმა.
მისი თქმით, „ფართოდ მიიჩნევა, რომ ოსმალეთის იმპერიამ სომეხი ხალხის განადგურების მიზნით სისტემატურად ჩაიდინა ისეთი დანაშაულები, რომლებიც გენოციდს უტოლდება".
გიდეონ საარმა განმარტა, რომ ებრაელების მორალური ვალდებულებაა, ეს გადაწყვეტილება მიეღოთ.
„ამ საშინელი გენოციდის დროს, რომელიც 100 წელზე მეტი ხნის წინ მოხდა და რომლის ფაქტებიც ნამდვილად არ არის საკამათო, 1,5 მილიონი ადამიანის მკვლელობა და უძველესი და ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის განადგურება მოხდა. ჩემი აზრით, ჩვენი, როგორც ებრაელების მორალური ვალდებულებაა, მიგვეღო ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მივიღეთ", - განაცხადა საარმა.
ავტორ(ებ)ი :