15:48 16.02.2020
„მე შეყვარებული ვარ საქართველოზე, თბილისზე, ქართველ ხალხზე - არ უნდა მივცეთ რუსეთს უფლება იფიქროს, რომ საქართველო შეეგუება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას“

ჩვენ, გერმანელები - როგორც ევროპელები, ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს იმ გამოწვევების დაძლევაში,რომელთა წინაშეც თქვენ დგახართ, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კლაუდია როთიმ, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კლაუდია როთიმ შეხვედრის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებაც ისაუბრა.

 

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. მე შეყვარებული ვარ საქართველოზე, თბილისზე, ქართველ ხალხზე, ეს არაჩვეულებრივი ქვეყანაა. ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთს უფლება იფიქროს, რომ ყველაფერი დასრულდა და რომ საქართველო უნდა შეეგუოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, ათასობით იძულებით გადაადგილებული პირის არსებობას”, - განაცხადა როთიმ.

 

მისივე თქმით, ის რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, დაუშვებელია. „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილმა ადამიანებმა ყველაფერი დაკარგეს.მე არ ვისაუბრებ საზღვარზე,ეს არი არის საზღვარი,ეს საქართველოს შიგნით ხდება.მე ვიყავი იქ,ვესაუბრე სოფლის მოსახლეობას,ვნახე როგორ ტიროდნენ ადამიანები,მათ არ შეუძლიათ სახლში დაბრუნება,ასევე მაქვს ინფორმაცია ადამიანების გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით,ჩვენ, გერმანიამ- როგორც ევროპელებმა უფრო ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ.არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ უკრაინის საკითხი,რაც იქ ხდება დაუშვებელია,თუმცა საქართველოს რეალობაც იგივეა”, - აღნიშნა ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტმა.

 

კლაუდია როთიმ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე რეგიონში, რომელიც ქვეყნებს შორის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ასრულებს, ისევე როგორც საქართველოს მნიშვნელოვან ტურისტულ პოტენციალზე. „ვფიქრობ, რომ ტურიზმის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი გერმანელი სტუმრობს საქართველოს და ეს რიცხვი იზრდება. ვიმედოვნებ, რომ ტურიზმი მომავალში იქნება მდგრადი, ტურიზმი, რომელიც დაფუძნებულია კულტურაზე, ბუნების პატივისცემაზე, თქვენი ქვეყნის მშვენიერებაზე. ეს სწორედ ისაა, რის გამოც ადამიანები მოდიან თქვენს ქვეყანაში. მე მახსენდება ულამაზესი ადგილები თბილისში, შობის პერიოდში, ეს ძალიან ამაღელვებელი და ემოციურად მნიშვნელოვანი იყო”, - აღნიშნა კლაუდია როთიმ.​




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge