12:17 27.03.2020
აუქციონი: ვინ გაყიდის ქრისტეს იუდაზე იაფად?! (ნაწილი პირველი)

აუქციონი: ვინ გაყიდის ქრისტეს იუდაზე იაფად?! - ამ სათაურით აქვეყნებს ბესიკ ლაგვილავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს, რომელსაც, "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ:

 

(კორონოვირუსის გავრცელების დროს #დარჩისახლში კამპანიისას საკითხავი, ნაწილი პირველი)

 

- იყიდებაა... - ოდნავი ღიმილით წარმოთქვა ტანზე საუცხოოდ მორგებულ შავ ფრაკში გამოწყობილმა აუქციონისტმა და დარბაზს ამაყად გადახედა, - ქრისტე! იყიდებაააა - ქრისტე! - თქვა და კუთხეში მდგომი, გრძელლაბადიანი კაცისკენ გაიხედა, რომელსაც სახეზე სისხლი სდიოდა.

რა უცნაური სპექტაკლია - მხოლოდ ამის გაფიქრება მოვასწარი, რადგან გამაოგნა იმ დარბაზში მსხდომმა ადამიანებმა, სადაც აუქციონი მიმდინარეობდა!

აქ კი უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, მეფეებიდან და პრეზიდენტებიდან დაწყებული, მილიარდერებით და კინო და შოუ ვარსკვლავებით დამთავრებული. ვერ შევნიშნე, რომ "ქრისტეს გაყიდვის" წინადადებას განსაკუთრებული პროტესტი და აჟიოტაჟი გამოეწვია.

დარბაზში შეკრებილთაგან ბევრი მეცნობოდა და მათ შორის, აქა იქ წარსულის კუმირებიც შევნიშნე.

რამდენიმე ქართველსაც მოვკარი თვალი. ოღონდ, ისინი კუთხეში ისხდნენ, როგორც ამ დიდი საზოგადოების პარიები - ყველაზე დაბალი კასტის წარმომადგენლები.

დარბაზში შეკრებილნი ხმაურობდნენ და მათი ყურადღება, რომ მიექცია აუქციონისტმა, რომლის ღერა ღერად შეკრეჭილმა ულვაშებმა მაგრძნონინა, რომ Harper’s Bazaar - ის მიერ საუკეთესო ლონდონელ სტილისტ-ვიზაჟისტად დასახელებული Mathew Alexander-ის კლიენტი იყო, მაღლა შემართა ხის ჩაქუჩი, მრისხანე სახე მიიღო და ამჯერად მრისხანე ხმით დაიქუხა, - "იყიდება ქრისტე!"

უცებ ყველა გაისუსა.

აუქციონისტმა გაიღიმა. მივხვდი, რომ ყველაზე ავტორიტეტული აუქციონისტი იყო, რომლის ჩაქუჩის დარტყმითაც Sotheby's აუქციონზე გაყიდულა ყველაზე ძვირადღირებული ლეონარდო და ვინჩის, რაფაელის, რუბენსის, ელ გრეკოს, სალვადორ დალის და ვან გოგის ნახატები...

"ეს უკუღმა აუქციონია! იმარჯვებს ის - ვინც ყველაზე იაფად გაყიდის ქრისტეს! - თქვა მან და სატანურად, თეატრალურად გადაიხარხარა, - აბა, ამ საუკუნეში ოცდაათ ვერცხლად ქრისტეს ხომ ისედაც ყველა ყიდის?! - თქვა და ირონიულად გაიღიმა, დახვეწილი, პიანისტის გრძელი თითები თითქოს ჩემსკენ გამოიშვირა და მომეჩვენა, რომ პირდაპირ შემომხედა თვალებში.

ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ჩემთვის გოეთეს "ფაუსტის" ან ჩემი "ლამაზად სიკვდილის თვითმასწავლებლის" დადგმა, რომ დაევალებინათ - მე სწორედ მას ავირჩევდი გოეთეს მეფისტოფელის ან ჩემი რომანის გმირის ლეოს როლის შემსრულებლად!

- ყველას და ალბათ ყველა ეპოქაში აინტერესებდა და აინტერესებს რამდენია ეს ოცდაათი ვერცხლი დღევანდელ ვალუტაში? თუნდაც დოლართან მიმართებაში?!" - იკითხა ერთმა კუთხეში მჯდომმა ქართველმა, წვრილთვალა პოლიტიკოსმა, რომელიც ცნობილი იყო თავისი ანტიქრისტიანული გამოხტომებით.

- ოცდაათი ვერცხლი ყველაზე სტაბილური ვალუტაა, მეგობარო! თუმც, არა მგონია, ღმერთის გწამდეს, შენისთანა ნაძირალამაც ბიბლია უნდა წაიკითხოს, შე გაიძვერა.. - ცოტა ზიზღით შეხედა მას აუქციონისტმა და გაიცინა, - როცა იუდამ ტაძარში დაყარა ის ოცდაათი ვერცხლი, იმ ფულით, უცხოელთა სასაფლაოსთვის მიწა იყიდეს.. რა ღირს თბილისში სასაფლაოს მიწა?!

- ადგილს გააჩნია... თუმცა... არ ყოფილა ცოტა, - თვალებში ინტერესი გაუჩნდა წვრილთვალა ქართველს.

აუქციონისტმა გაიღიმა.

"საწყისი ფასი - ოცდაათი ვერცხლი და ხუთი გროში! ბიჯი ხუთი გროში! აბა, ვინ არის მზად უფრო იაფად გაყიდოს ქრისტე?!" - ხის ჩაქუჩიანი ხელი მაღლა შემართა აუქციონისტმა.

- ოცდაათი ვერცხლი! - ხელი მაღლა ასწია ჩალისფერ, ჯვალოს მოსასხამში გამოწყობილმა ხუჭუჭა, წარბებგაფანჩულმა კაცმა, რომელიც საიდანღაც მეცნობოდა.

უცებ გამახსენდა ეს იუდა იყო - ჯოტოს სურათიდან "იუდას ამბორი".

- აჰა, ისიც! ქრისტეს ოცდაათ ვერცხლად მარადიული და უკვდავი გამყიდველი! - გადაიხარხარა აუქციონისტმა, - იუდას ვინ დაასწრებდა ქრისტეს ოცდაათ ვერცხლად გაყიდვას?! თუმცა, იმედი მაქვს, ამ ეპოქაში იუდას ბევრი აჯობებს! უფრო სხვანაირი გახდა ხალხი. უნარიანებს და კრეატიულებს ეძახიან იმათ, ვისაც საერთოდ არ აწუხებთ სინდისი. ოცდაათი ვერცხლი - ერთი! ოცდაათი ვერცხლი - ორი! აბა, ვინ ნაკლები! - ჩაქუჩიანი ხელი მაღლა შემართა აუქციონისტმა.

- ოცდაცხრა ვერცხლი და ოთხმოცდათხუთმეტი გროში.. - საქმიანად წარმოთქვა წვრილთვალა ქართველმა პოლიტიკოსმა, რომლის თავხედობა და ანტიქრისტიანული შეხედულებები, უამრავ ქართველში იწვევდა რწყევის შეგრძნებას!

- სამარცხვინო კია ხუთ გროშზე ვაჭრობა, მაგრამ მაინც მომწონს, რომ ეს მათხოვარი ქართველებიც დროის მოთხოვნების კუდში მოჩანჩალებენ! - გაიცინა აუქციონისტმა, - რას იტყვი იუდა?! არ დააგდებ ფასს?! არასდროს მიკითხავს, რატომ მოიკალი თავი?!

- სირცხვილისგან! - იუდას პასუხი არ აცალა წვრილთვალება ქართველმა პოლიტიკოსმა, - წარმოუდგენელია, რომ ასე შეეშალა ებრაელს. მთელი ისრაელი დასცინებდა, - იუდას რომ სცოდნოდა, რომ მისი კოცნიდან გამომდინარე, ეკლესია ამდენს ფულს მიიღებდა, საცოდავ ოცდაათ ვერცხლს კი არა, პროცენტს მოითხოვდა ეკლესიის შემოსავლებიდან! ეკლესიის შემოსავლის ერთი პროცენტი ეყოფოდა იმისთვის, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი გამხდარიყო.

აუქციონისტმა გაიცინა, - კაი, გაიძვერა ჩანხარ შენ! სახელი არ მახსენდება.. გამახსენე ერთი?

- გიგო... გიგო მქვია! - გაუხარდა ქართველს, რომელიც კმაყოფილი ჩანდა, აუქციონისტის მონიჭებული ტიტულით "გაიძვერა".

- ოცდაცხრა ვერცხლი და ოთხმოცდათხუთმეტი გროში - ერთი! ოცდაცხრა ვერცხლი და ოთხმოცდათხუთმეტი გროში - ორი! აბა, ვინ ნაკლები! - დარბაზს მიმართა აუქციონისტმა.

- ოცდაცხრა ვერცხლი! - ხელი მაღლა შემართა იუდამ, რასაც აუქციონისტის აღფრთოვანება მოყვა.

- ყოჩაღ, იუდა! ტყუილად ფიქრობ, რომ იუდა ასეთი მარტივია, - გიგოს მიმართა აუქციონისტმა, - არაფერს დაგითმობს!

- גאָרנישט פּערזענלעך, עס איז נאָר געשעפט
თქვა იუდამ
- ეს რას ნიშნავს? - ვერაფერი გავიგე...
- ეს იდიშზეა - Nothing personal, it's just business - არაფერი პირადული - მხოლოდ ბიზნესი! - გაიცინა აუქციონისტმა, - ამ სიტყვებს დიდ განგსტერს ალ კაპონეს მიაწერდნენ, თუმცა ის ეკუთვნოდა იუდას შვილთაშვილს - ებრაელ მაფიოზის, ბუღალტერს და ფინანსურ გენიას, ოტო ბერმანს, რომელიც ჰოლანდიელ შულცთან ერთად მოკლეს ლაკი ლუჩიანოს დაქირავებულმა მკვლელებმა და რომელსაც მაფიის ერთ ერთი მამა დონ ვიტო ჯენოვეზე - სწრაფი მათემატიკური გამოთვლების უნარის გამო "ებრაელ არითმომეტრს" ეძახდა.

- განა იუდას შთამომავლები დარჩა? - ვიკითხე მე.
- მე არასოდეს ვტყუივარ! - ხმა გაუმკაცრდა აუქციონისტს, - თუმცა ოტო ბერმანი, მისი სახელოვანი ბაბუის სიტყვებს იმეორებდა - "არაფერი პირადული - მხოლოდ ბიზნესი!" რომელიც მან ქრისტეს გაყიდვის წინ წარმოთქვა. ასე არ არის იუდა?! - იუდას მიუტრიალდა და იქიდან თავის დაქნევით თანხმობა მიიღო, - თუმცა, საუბარი გაგვიგრძელდა! აქ კი ხალხს სისხლი სწყურია, და მოუთმენლობისგან უკვე ცმუკავს, რომ იხილოს, როგორ მიაჭედებენ ჯვარზე ქრისტეს ჟანგიანი დიდი ლურსმნებით!

დარბაზს გადავხედე. ზიზღით შემომყურებდნენ. აუქციონისტმა ჩემი მზერა დაიჭირა და გაიღიმა.

- აბა, ოცდაცხრა ერთი! ოცდაცხრა ორი! ვინ გაყიდის უფრო იაფად ქრისტეს?!

- ოცდარვა! - დაიძახა დარბაზიდან ვიღაცამ.

- კარგია! ოცდარვა - ნომერი ნომერი... თხუთმეტი!

მე იქითკენ გავიხედე საიდანაც ქრისტეს ოცდარვა ვერცხლად გამყიდველის ხმა ისმოდა და გავოცდი - მღვდელი იყო!

- რატომ გენატრება ქრისტეს სისხლი, მამაო? - მიუტრიალდა აუქციონისტი მღვდელს.
მღვდელი დუმდა.
- ხომ იცი, არაფერი დაიმალება, - ცინიკურად გაიცინა აუქციონისტმა.
- ჩემი პულოვერი აცვია! - უხეშად გააწყვეტინა და ქრისტესკენ ხელი გაიშვირა მღვდელმა.
- ეს რას ნიშნავს? - ეშმაკურად თვალი მოწკურა აუქციონისტმა.
- ჩემი პულოვერი აცვია! - გაიმეორა მღვდელმა.
აუქციონისტი ყურადღებით დააკვირდა პულოვერს, რომელიც ქრისტეს ეცვა.
- რა მოგპარაა?
- რა თქმა უნდა... არა!
- გაცვეთილი, დახეული ძველი პულოვერია. მაგრად ნაცემია და ...! იქნებ ცემისას შემოახიეს?! - თქვა აუქციონოსტმა.

მღვდელმა უარის ნიშნად თავი გაიქნია.

- გახსოვს? მათეს სახარება? - დაიწყო მღვდელმა, - თავი ოცდამეხუთე - რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ. მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი და გასვით შენ? როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანდა შიშველი და შეგმოსეთ შენ? პასუხად უფალი ამბობს - რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ.

- მახსოვს! - ჩაიცინა აუქციონისტმა.
- ჰოდა, ამას ჩემი პულოვერი აცვია! - თქვა მღვდელმა.
- მერე? ეს ხომ კარგია?! - თქვა გაკვირვებულმა აუქციონისტმა.
- ცუდია! - იყვირა მღვდელმა და პაუზის შემდეგ გააგრძელა, - ოცდაათი წლისა მღდლად მაკურთხეს და იმის შემდეგ სხვას ვუქადაგებდი უფლის მცნებებს. რამდენჯერ წამიკითხავს მრევლისთვის სახარებიდან ეს სიტყვები!
- ეს მღვდლის მოსაწყენი მოვალეობაა, - დაამთქნარა აუქციონისტმა.
- ერთხელ, ცივი ზამთრის საღამო ხანს სახლის კარზე ვიღაცამ დამიკაკუნა და როცა გავაღე იქ ნახევრად შიშველი მათხოვარი დავინახე. სიცივისგან ძაგძაგებდა! აცემინებდა! ავად იყო!
- შეგეცოდა და პულოვერი აჩუქე არა?! - თქვა აუქციონისტმა.
- საჭმელიც ვაჭამე... - თქვა მღვდელმა.
- ძალიან კარგი! - თავი დაუკრა აუქციონისტმა, - გადაგირჩენია შენი სული. შემდეგ?!
- ბინაც არ ჰქონდა და შევიფარე..
- აღარ მინდა ამ სახარებისეული სიკეთის შესახებ მითების მოსმენა. გადაგირჩენია სული შენი და ეგ არის! - გააზმორა აუქციონისტმა, - მე ცოდვილები უფრო მიტაცებს! საინტერესო ხალხია.
- საქმე იმაშია, რომ... არა! - დაიძახა გამწარებულმა მღვდელმა.
- რატომ? - გაუკვირდა აუქციონისტს.
- როცა მოვკვდი, იქ უფალი, რომლისთვისაც დღეში შვიდჯერ ვლოცულობდი, ნაცვლად იმისა, ოქროს მოსასხამით დამხვედროდა, ჩემი დაგლეჯილი პულოვერით დამხვდა, რომელიც ჩემს კარზე მოსულ ნახევრად შიშველ მათხოვარს ვაჩუქე.
- დაგიფასა!
- იმ პურს ჭამდა, რომელიც მათხოვარს მივეცი.
- ახსოვდა!
- ნათელ დარბაზში კი სრა, ისეთ ბნელ ოთახში დამხვდა, როგორშიც მე მივეცი ღამის გათევის უფლება იმ მათხოვარს...
- რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ. ესეც ახსოვდა!
- ჰოო, მაგრამ პულოვერი, რომელიც ვაჩუქე ჩრჩილისგან შეჭმული და ბინძური იყო! უკეთესის ჩუქება მინდოდა, მაგრამ ცოლმა არ მიმაცემინა - სახლში ჩასაცმელად გამოგადგებაო! ეს კი გადასაყრელად გადადებული ტანსაცმლის ყუთიდან ამოვიღე!

პაუზა.
- ქვეყნის მეუფე, ძვირფასი მოსასხამის ნაცვლად, ჩემს მიერ მათხოვრისთვის ნაჩუქარ, ნაგავს გასატანებლად გადადებულ პულოვერში დამხვდა - გადაიხარხარა მღვდელმა, - იმ გარღვეულ, ჩრჩილისგან შეჭმულ, დაცრეცილ ნაცრისფერ პულოვერში! დამცინა! ყველაფერს მივხვდი!

პაუზა.
რამდენიმე წამის შემდეგ აუქციონისტმა გაგებით დაუქნია თავი.
- საჭმელი? - კითხა წამიერი პაუზის შემდეგ.
- ის ძაღლისთვის მქონდა გადადებული - ობიანი პური იყო.. - თქვა მღვდელმა, - და იქ ყოველდღე ასეთს ვჭამ.
- ოთახი სადაც ღამე გაათევინე?
- იმ ბინძურს სახლში ხომ არ შემოვუშვებთო, ცოლმა და... ფარდულში ეძინა... ძაღლთან ერთად.
- დღეს შენც ნასუფრალს ჭამ და ფარდულში ცხოვრობ?!
- ჰო! - თავი დახარა მღვდელმა.
ცოტა ხანს ყველანი დუმდნენ.
- ოცდაშვიდადაც გავყიდი! - თქვა მღვდელმა, - ოცდაშვიდ ვერცხლად!

აუქციონისტი ნაცემ იესოს მიუახლოვდა პულოვერს დააკვირდა და ერთ ნახვრეტში თითი შეაძვრინა და მეორიდან გამოყო. შემდეგ გადაიხარხარა და დაიძახა - "აუქციონი გრძელდება ოცდაშვიდი - ერთი! ოცდაშვიდი - ორი! აბა, მითხარით - ვინ გაყიდის ქრისტეს უფრო იაფად?!

- ოცდაექვსი! - დაიძახა ვიღაცამ.

- დიდებულია! მჯეროდა! მეტიც მტკიცედ მწამდა, რომ მოიძებნებოდა ქრისტეს უფრო იაფად გაყიდვის მოსურნენი! - შესძახა აუქციონისტმა, - ოცდაექვსი ნომერი ოცდარვა! წარმოგვიდექით ნომერო ოცდარვა!

ნომერი ოცდარვა წამოდგა.

 

გაგრძელება იქნება!




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge