„პატიმარი დიქტატორის გარშემო მისი პირადი ექიმის მიერ გაკეთებული კომიკური განცხადებების ოდენობა ყოველდღიურად იზრდება“ ,- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, მიხეილ სააკაშვილის მიერ გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეპუტატების დაშვების მოთხოვნას.
მისი თქმით, კოვიდპანდემიის პირობებში, საავადმყოფოში უამრავი მნახველის შეშვების მოთხოვნა ექსპრეზიდენტის პირადი ექიმის კომპეტენციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
„პატიმარი დიქტატორის გარშემო მისი პირადი ექიმის მიერ გაკეთებული კომიკური განცხადებების ოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ამ კომიკური განცხადებებიდან შეიძლება ნელ-ნელა ეჭვი შეიტანო ამ პირადი ექიმის სამედიცინო კომპეტენციაში. მხოლოდ ერთ რამეს შევახსენებდი ამ პირად ექიმს და ზოგადად იმათაც ვინც პატიმართან მნახველების რაოდენობის გაზრდას მოითხოვს კი, გასაგებია რომ საქართველო არ აღიარებს რომ კოვიდ პანდემია არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ ის არსებობს.
შესაბამისად დასუსტებულ პიროვნებასთან უამრავი მნახველის შეშვება, იმ დროს როდესაც ქვეყანაში ვირუსი თავისთვის არის მიშვებული ძალიან, ძალიან სახიფათოა. ამით, ეს მომხრეები თავისი ბელადის ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებენ. შეიძლება პირად ექიმსაც არ სჯერა რომ კოვიდი არსებობს, მაგრამ დედას და მამასაც არ სჯერა? დავიჯერო უნდათ რომ დასუსტებულ შვილს ვინმესგან კოვიდ ინფექცია შეხვდეს? ჰოდა იქნება გაუფრთხილდეთ სანამ ასე სუსტად არის, და ზედმეტი რისკის ქვეშ არ დააყენოთ "ქვეყნის გასათავისუფლებლად" ჩამოსული ეს პიროვნება“, - წერს ზაზა წერეთელი.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ ხვალიდან დეპუტატების მასთან არ დაუშვებენ, მკურნალობის კურსზე უარს იტყვის. მოგვიანებით მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ექსპრეზიდენტის სრული იზოლაცია მისი ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია.
„მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მითხრა, რომ ის ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას ხვალ დილიდან თუ არ შეუშვებენ დეპუტატებს. ეს იქნება კატასტროფა, მაგრამ მისი სრული იზოლაციაც ძალიან ცუდია ჯანმრთელობისთვის. მას ახლა უამრავი ექიმი ნახულობს, მაგრამ ის ადამიანები, ვისი ნახვაც უნდა და ვისთანაც უნდა საუბარი, ისინი არა. გუშინდელი მერე ზოგადი ექსპრეზიდენტის მდგომარეობა არ შეცვლილა, „რეფიდინგის“ პროცესი მიდის კარგად, მაგრამ კიდევ არის უამრავი სხვა პრობლემა, რომლებიც შეიძლება გამოჩნდეს უახლოეს ხანში“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ავტორ(ებ)ი :