სულ უფრო და უფრო მომწონს მთავრობისა და პრემიერ ღარიბაშვილის გააქტიურება სათამაშო ბიზნესის ფრთების შეკვეცასთან დაკავშირებით, - წერს ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
"სამორინეებისა და ტოტალიზატორების რეკლამა ყველა დონეზე უნდა აიკრძალოს.
გახმოვანდა, თუ ვის აეკრძალება თამაში სამორინეებში (აქ მეტი სიცხადეა შესატანი, მთავრობა გულისხმობს თუ არა ინტერნეტთამაშებსაც):
25 წლამდელებს
სოციალური შემწეობის მიმღებ პირებს,
იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით მიმართავენ შემოსავლების სამსახურს
შავ სიაში მოხვედეილ პირებს
ასევე, თამაში აეკრძალებათ პირებს ოჯახის წევრების მიმართვის საფუძველზე.
ჩემი აზრით, თამაში უნდა აეკრძალოთ საბანკო სესხების ან სხვა დავალიანების მქონეებსაც.
ყველაზე გავრცელებული მოსაზრება, რომ თამაშები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს, გადაჭარბებული მგონია. ასეთი შემთხვევები იქნება, მაგრამ არა იმ მასშტაბის, როგორიც ახლა გვაქვს.
მოზარდების 52% რაღაც ფორმით აზარტულ თამაშებთან არის დაკავშირებული, რაც ერის ტრაგედიაა.
ეს გამოიწვია სათამაშო ბიზნესის ხელმისაწვდომობამ და რეკლამამ", - წერს გოგა ჩანადირი.
ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება, ჯამში, ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს აეკრძალება.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„დღეს წარმოგიდგენთ სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებს, რომელიც ფინანსთა მინისტრმა მოამზადა. ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის შემოღება და ჯამურად სექტორის გადასახადებით დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით. მეორე საკითხი - ასაკობრივი ზღვარი. 25 წლამდე მოქალაქეებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ. ასევე, აღნიშნული შეზღუდვა შეეხება სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან; საჯარო მოხელეებს; პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე, პირებს, რომლებიც ოჯახის წევრების მოთხოვნით და სასამართლო გადაწყვეტილებით ე.წ. შავ სიაში მოხვდებიან. ჯამში, პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ წვდომა აზარტულ თამაშებზე, შეადგენს 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს და მესამე საკითხი - რეკლამის შეზღუდვა. აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის დასაშვები მხოლოდ სპონსორების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება იქნება, ძირითადად შეიძლება აღნიშნული დაშვება სპორტს შეეხოს,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge