დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

შავი ზღვის რეგიონი ამჟამად დიდი რისკის წინაშე დგას - რას წერს უცხოური მედია 29.11.2021 17:02

 

ბრიტანულ ჟურნალ „სპექთეითორ“-ში (The Spectator) გამოქვეყნებულია ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველის მარკ გალეოთის სტატია საკმაოდ შთამბეჭდავი სათაურით „ბრიტანეთის ვალი შავი ზღვის მიმართ“, რომელშიც ავტორი განმარტავს, თუ რა უნდა გააკეთოს დიდმა ბრიტანეთმა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისათვის, რუსეთის წინააღმდეგ.


გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:


რუსეთის ჯარები უკრაინის საზღვრებთან არიან თავმოყრილი, შავი ზღვის აკვატორიაში კი მღელვარება იგრძნობა. შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ ბრიტანეთისგან შორს მიმდინარე მოვლენები იმ დროს, როცა ლონდონი ინდოეთ-წყნარი ოკენაის რეგიონისკენ არის მიბრუნებული, ჩვენთვის, ბრიტანელებისათვის, შავი ზღვა დიდ როლს არ ასრულებს, აქტუალური არ არის, მაგრამ გლობალიზაციის ეპოქაში ყველა მოვლენას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ჩვენ გვგონია. შექმნილი სიტუაცია ბრიტანეთისათვის განსაზღვრულ პერსპექტივებს ქმნის.


შავი ზღვის რეგიონი ამჟამად დიდი რისკის წინაშე დგას: არ არის გამორიცხული ის  რაღაც ანარქიულ სივრცედ გადაიქცეს, რომელშიც რუსეთი იქნება დომინირებული, უსაფრთხოების თვალსაზრისით კი ვაკუუმი იარსებებს.


იმის ნაცვლად, რომ შავი ზღვის რეგიონი შორეულ პერიფერიად, უკეთეს შემთხვევაში კი „ევროპის ფლანგად“ ჩავთვალოთ, უფრო რეალური იქნება ის ევროპასა და აზიას შორის შორის არსებულ ცენტრალურ კარიბჭედ მივიჩნიოთ. უფრო მეტიც - ევრო-ატლანტიკურ და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონებს შორის.


აი, სად თამაშდება დიდი მოვლენები, სად უნდა იდგეს დიდი ბრიტანეთი და სად უნდა იყოს მისი ინტერესები. ის, ვინც შავ ზღვას აკონტროლებს, მისთვის ადვილი იქნება ზალის პროეცირება აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. გავიხსენოთ, რომ მსოფლიო საზღვაო ვაჭრობის 12% სუეცის არხის მეშვეობით ხდება. ჩვენი სამეფო ფლოტი რომ მოკლე გზით ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში არსებულ ჩვენს ბაზებში მოხვდეს, მას სუეცის არხში გავლა ჭირდება. ასე რომ, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენი საზრუნავი უნდა იყოს.


დიდი ბრიტანეთისათვის ამ რეგიონში მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ჩნდება. მართალია, უკრაინაც და საქართველოც ნატოს წევრობისაკენ ისწრაფვიან, მაგრამ რეალობა ისეთია, რომ მათი ალიანსში მიღება თუ მოხდება, ისიც მხოლოდ ძალიან გვიან. მანამდე კი ორივე ქვეყანას თავიანთი პოზიციების განმტკიცებისათვის სხვადასხვა მეთოდების ძიება ჭირდებათ. დიდი ბრიტანეთი უკვე მონაწილეობს უკრაინის სამხედრო დახმარების პროგრამაში, უკვე გაწრთვნილია 21 ათასი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. რაც შეეხება იარაღს, რასაკვირველია, კიევს ძირითადად იარაღს ამერიკა აწვდის, მაგრამ ვაშინგტონს არც ლონდონი არ ჩამორჩება - უკრაინამ უკვე მიიღო Brimstone-ს ტიპის რაკეტები, სამხედრო ტრალერები და სხვა ტავდაცვითი სისტემები.


არანაკლებ ეფექტურია ჩვენი დახმარება უკრაინული და ქართული სპეცსამსახურების მიმართაც - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ეს შეუძლია პროვოკაციად ჩათვალოს. კაცმა რომ თქვას, თვითონ კრემლიც უარს არ ამბობს მსგავს მეთოდებზე - ყველასათვის კარგადაა ცნობილი - როცა მოსკოვი ღია ფორმით რაიმეს ვერ მოიპოვებს, მში ის მიზნის მიღწევას საიდუმლო საშუალებებით ცდილობს.  


ჩვენს კონტრდაზვერვას (MI5) და კავშირგაბმულობის რადიოელექტრონულ ცენტრს (GCHQ) მაღალი რეპუტაცია აქვთ და შესაბამისად, შეუძლიათ უკრაინისა და საქართველოს მიმართ თავიანთი დახმარება გააფართოვონ - განამტკიცონ მათი თავდაცვითი პოტენციალი როგორც კონტრდაზვერვის ასევე კიბერუსაფრთხოების სფეროებში. ორივე ქვეყანა ხომ რეგულარად ხდება კიბერშეტევების ობიექტი, რომლებიც, როგორც ამტკიცებენ, რუსეთიდან ხორციელდება.


როგორც ცნობილია, დიდ ბრიტანეთს მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს ე.წ. „სახელმწიფოს დისკურსიულ მართვაშიც“, რომელიმე საკითხის საერთაშორისო აღქმისა და შეფასების ჩამოყალიბების ხელოვნებაშიც. ლონდონის მხრიდან კიევისა და თბილისისათვის ამ მიმართულებით გაწეული დახმარება სასარგებლო იქნება: მოსკოვი თვლის, რომ შავი ზღვის რეგიონი - „ახლო საზღვარგარეთის“ სახით - თავისი ინტერესების სფეროა, მაგრამ ჩვენ ამ დახმარებით უფრო მეტად უნდა წარმოვაჩინოთ შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნების  ინტერესებიც, ხელი შევუწყოთ მათი სუვერენიტეტის განმტკიცებას და [კრემლს] ვაჩვენოთ, რომ რუსეთი შავიზღვისპირა მხოლოდ ერთ-ერთი ქვეყანაა და რომ სხვებსაც აქვთ თავიანთი კანონიერი ინტერესები. ანუ დიდი ბრიტანეთი თავისი მოქმედებით უნდა ეცადოს წინ აღუდგეს მოსკოვის მტკიცებას, რომ შავი ზღვა „რუსეთის შიდა ტბას“ წარმოადგენს.


ცხადია, საქმე ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ თითქოსდა დიდი ბრიტანეთი ძველ ტრადიციებს დაუბრუნდება - „გლობალურ იმპერიალისტური თამაშების“ ეპოქას, შავი ზღვის რეგიონის დესტაბილიზაციის მიზნით (დიდი ბრიტანეთი 1853-56 წლებში აქტიურად მონაწილეობდა „ყირიმის ომში“ რუსეთის წინააღმდეგ, რომლის დროსაც რამდენიმე ათასი ინგლისელი ჯარისკაცი დაიღუპა - მთარგმნ. შენიშვნა). უბრალოდ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ იქ რაც ხდება, ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს: ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ლონდონი მხოლოდ რეგიონის სტაბილიზებით არის დაინტერესებული.


ჩვენ საქართველოსა და უკრაინის დახმარების შანსი გაგვიჩნდა, რაც ხელიდან არ უნდა გავუშვათ. დიდმა ბრიტანეთმა უნდა დაიცვას ორივე ქვეყნის სუვერენიტეტი და მათ გვერდით დაუდგეს ყველა გამოწვევის დროს.


წყარო

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ