წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.5 პროცენტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, ვაჭრობა. ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.
"საქსტატის" მონაცემები "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ შეაფასა.
მისი თქმით, აღნიშნული მონაცემები რეალურს ხდის საქართველოს მთავრობის 2021 წლის ეკონომიკური ორნიშნა ზრდის პროგნოზს
"საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ოქტომბერში წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 6.9 პროცენტი, ხოლო იანვარ-ოქტომბრის კუმულატიური ზრდის ტემპმა 10.5 პროცენტი შეადგინა, რაც ოქტომბერში ექსპორტის 31 პროცენტიანი ზრდითაც აღინიშნა და რეალურს ხდის საქართველოს მთავრობის 2021 წლის ეკონომიკური ორნიშნა ზრდის პროგნოზს, რომელიც 10%-ს შეადგენს. იგი თანხვედრაშია წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების და საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაზრდილ საპროგნოზო მაჩვენებლებთან.
აღსანიშნავია, რომ იანვარ-ოქტომბერში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოსალოდნელზე მაღალია, ეკონომიკური აქტივობის დონე 2.7 პროცენტით აჭარბებს როგორც პანდემიამდე - 2019 წლის ოქტომბრის მონაცემს, ასევე 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის კუმულატიური მაჩვენებელიც 3.7 პროცენტით აღემატება 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის ეკონომიკური აქტივობის დონეს," - განაცხადა ექსპერტმა.
როგორც მან ჩვენთან საუბარში განმარტა, ნიშანდობლივია, რომ ზრდის კონტრიბუციაში მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და განსაკუთრებით ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები.
"2021 წლის ოქტომბერში რეალური ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის უმრავლეს სექტორებში, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც ტრადიციულად- ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის; ტრანსპორტის და დასაწყობების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე გართობა- დასვენების; ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების საქმიანობების; ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობებმა.
2021 წლის ოქტომბერში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 31.4 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 411.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34.1 პროცენტით გაიზარდა და 318.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა,"- აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციები დაფიქსირდა ტურიზმის სექტორშიც, კერძოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე ოქტომბერში (პანდემიამდე 2019 წლის სექტემბერში დაფიქსირებული საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების) 53.3 პროცენტი იყო.
"ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი ადასტურებს მთავრობის ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ ღონისძიებებზე მიმართული მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტურობასთან ერთად, კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებული მხარდაჭერის პროგრამების ეფექტურ ხასიათსაც, რამაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის გაჯანსაღებას, პანდემიის უარყოფითი გავლენის შემცირებას მოსახლეობაზე და შექმნა მყარი ფუნდამენტი ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებისთვის, რაც ნათლად დაადასტურა არა მხოლოდ მიმდინარე წლის სწრაფი აღდგენის ტენდენციამ, არამედ უახლოეს 2022-2026 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაში ყველაზე მაღალი, საშუალოდ წლიური 5.5 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებელიც.
ნიშანდობლივია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობამ კიდევ უფრო გააფართოვა ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები, რასაც თუ პრემიერ მინისტრის მიერ უკვე დაანონსებულ ახალ სოციალურ პოლიტიკასაც დავუმატებთ, რაც რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის გადატანასაც მოიცავს, მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა ექნება შრომის ბაზრის კონკურენტუნარიანობაზე, ასევე ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე,"- განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge