ევროკავშირი ბელორუს-პოლონეთის საზღვარზე შექმნილ მიგრანტთა კრიზისის მოგვარების საშუალებად სანქციების გამკაცრებას ხედავს. ბრიუსელი თვლის, რომ ბელორუსის ხელისუფლება ხელს უწყობს ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტებს პოლონეთის საზღვრამდე მისვლაში, რათა შემდეგ საზღვრის გადაკვეთა სცადონ. ამის საპასუხოდ ევროპამ შეათანხმა სანქციები - სიაში 28 ფიზიკური და იურიდიული პირია შეყვანილი - სიას 1 დეკემბერს დაამტკიცებენ.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია თვლის, რომ სანქციების გამკაცრება მხოლოდ ფორმალობაა და ვერაფერს შეცვლის, რადგან ავტორიტარული ქვეყნისთვის ევროკავშირის სანქციები არაფერს ნიშნავს.
ევროკავშირის ქვეყნები ლუკაშენკოს ბრალად სდებენ, რომ სწორედ ის დგას საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისის უკან.
ამ მოქმედებების მიზნად კი ევროკავშირის დესტაბილიზაციასას ასახელებენ, პასუხად დასავლეთის სანქციებზე, რომლებიც მინსკს დაუწესეს ოპოზიციის წინააღმდეგ სასტიკი ზომებისთვის.
იგივეს ამბობს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია. მისივე თქმით, ბელორუსი და რუსეთი აშკარა ჰიბრიდულ ომს ახორციელებენ პოლონეთის წინააღმდეგ, თუმცა, სანქციები რომლებიც პირველ დეკემბერს დაწესდება, შედეგს ვერ გამოიღებს.
„მოსალოდნელიც იყო ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამკაცრება. აშკარაა, რომ ბელორუსი და რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ პოლონეთის წინააღმდეგ, თუმცა, რამდენად ეფექტური იქნება ევროკავშირის ქმედება, უცნობია.
„ეჭვი მეპარება სანქციების საკითხი ეფექტური აღმოჩნდეს, რადგან ბელორუსი უკვე გამოეთიშა ევროკავშირთან ყოველგვარ ურთიერთობას. ასე რომ, ეს პროცესი სულაც არ არის მტკივნეული რუსეთისა და ბელარუსიის პოლიტიკური ელიტისათვის.
„მათ უკვე შეძლეს თავიაანთი ქმედებების რეფორმატირება. ამიტომ, ამ ორი ავტორიტარული ქვეყნისთვის სანქციები არაფერს ნიშნავს, ეს უფრო ფორმალობაა. ისინი ალბათ მაინც გააგრძელებენ თავიანთ ქმედებებს", - განაცხადა მაისაიამ.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ბელორუსის პრეზიდენტმა ალეკსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც პოლონეთის საზღვართან ჩავიდა, გერმანიას, მოუწოდა წაიყვანოს მიგრანტები თავის ქვეყანაში.
„აქ არიან ადამიანები, რომლებსაც თავიანთ ოჯახებთან გაერთიანება სურთ, წაიყვანეთ ისინი თქვენთან, ეს გერმანიისთვის დიდი დატვირთვა არ არის, მაგრამ ამას პოლონელები ბლოკავენ", - განაცხადა ლუკაშენკომ ბელარუს-პოლონეთის საზღვრის გამშვებ პუნქტთან.
მისი თქმით, პოლონეთს თავისი პრობლემებისგან ყურადღების გადატანა სურს.
„პოლონეთის ხელისუფლებამ ჭკუა დაკარგა, დაკარგა რეალობის შეგრძნების უნარი. პატივცემულო პოლონელებო, მოიყვანეთ გონზე თქვენი პოლიტიკოსები", - თქვა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსის ხელისუფლება არ მოახდენს ახლო აღმოსავლელ ლტოლვილთა დეპორტაციას იმ ქვეყნებში, საიდანაც ისინი ჩამოვიდნენ. „ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დაგაკავებთ, არ ჩაგსვამთ თვითმფრინავებში და არ გაგიშვებთ სამშობლოში, თუკი ეს არ გსურთ", - განაცხადა მან. მიგრანტები ლუკაშენკოს ტაშით შეხვდნენ.
ცნობისთვის, ბოლო დროს საზღვარზე ვითარება დაწყნარდა. საზღვრის გარღვევის მცდელობებმა იკლო, გაქრა ლტოლვილთა სტიქიური ბანაკები, ბელორუსის ხელისუფლებამ მიგრანტები ლოგისტიკურ ცენტრში განათავსა.
სადღეისოდ ბელორუსი დატოვა ათასამდე მიგრანტმა, ისინი ერაყში დაბრუნდნენ. ბელორუს-პოლონეთის საზღვარზე კიდევ 2000-მდე მიგრანტი რჩება. როგორც იტყობინებიან, ლუკაშენკომ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შესთავაზა ამ ადამიანების მიღება და დაჰპირდა, რომ ყველა დანარჩენს სამშობლოში დააბრუნებდა. მაგრამ ევროკავშირში არ დაიწყეს ამ წინადადების განხილვა.
ავტორ(ებ)ი : რეზონანსი