დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

"მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი ვლადიმერ პუტინს დააბრალა და სასამართლო პროცესი დატოვა“ 30.11.2021 16:09

უცხოურმა მასმედიამ უყურადღებოდ არ დატოვა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დაწყება თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამ ფაქტთან დაკავშირებით პრესაში რამდენიმე პუბლიკაცია გამოქვეყნდა, გაშუქდა რადიო-ტელევიზიის გადაცემებშიც.

 

რუსულ გაზეთ „კომერსანტ“-ში (КоммерсантЪ) დაბეჭდილია სტატია „რაინდი მოთამაშის ტყავში: მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი ვლადიმერ პუტინს დააბრალა და სასამართლო პროცესი დატოვა“ (ავტორი - გიორგი დვალი). პუბლიკაციის სათაური „ვეფხისტყაოსნის“ რუსული თარგმანის ერთგვარ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. მასალაში საკმაოდ დეტალურად არის გადმოცემული მიხეილ სააკაშვილის ის განცხადებები, რომელიც მან სასამართლოს სხდომის დროს გააკეთა, აგრეთვე აღწერილია ის ფაქტები და მოვლენები, რომლებშიც ოპოზიციის მხარდამჭერები მონაწილეობდნენ.

 

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილმა ყველა ბრალდება უარყო და ყველაფერი სხვას გადააბრალა, განსაკუთრებით რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ 2007 წლის ოპოზიციური მიტინგის დარბევას თვითონ კი არ ხელმძღვანელობდა, არამედ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს.

 

ექს-პრეზიდენტის განცხადებით გაირკვა მისი ბელარუსელი კოლეგის - ალექსანდრე ლუკაშენკოს როლი ვითომდა „მოსკოვის მიერ მომზადებული ანტიქართული შეთქმულების“ გახსნაში, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს არ განუმარტავს, თუ რატომ გამოიჩინა მასთან ასეთი წრფელი გულახდილობა ბელარუსის პრეზიდენტმა, როცა იგი ქართველ კოლეგას რუსული „ეფ-ეს-ბე“-ს საიდუმლო ოპერაციებს უზიარებდა. ჯერ-ჯერობით არც ბელარუსის და არც რუსეთის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ნათქვამზე რაიმე რეაგირება არ მოუხდენია.

 

სასამართლოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა ამაყად და ყოველგვარი მოკრძალების გარეშე ჩამოთვალა თავისი ისტორიული „დამსახურებები“ ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე - „საქართველოს სახელმწიფო ჩემი შექმნილია“.

 

რასაკვირველია, ექს-პრეზიდენტმა ქების სიტყვები არ დაიშურა თავისი მეორე სამშობლოს - უკრაინის მიმართაც, სადაც მას ორჯერ სთავაზობდნენ პრემიერ-მინისტრის პოსტს და კარგად ცხოვრობდა.

 

 

პუბლიკაციის დასასრულს აღნიშნულია, რომ ექს-პრეზიდენტმა უარი განაცხადა სასამართლოში 2007 წლის მიტინგის დაშლისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმის განხილვას დაესწროს, რომელიც 23 დეკემბერს უნდა გაიმართოს. უცნობია, მიიღებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას სასამართლო სხდომაში თანხის გაფლანგვის შესახებ. ასევე ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, როდის დაინიშნება სხდომა კიდევ ერთი ბრალდების განხილვაზე - უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის თაობაზე. (წყარო: https://www.kommersant.ru/doc/5099770).

 

„ნეზავისიმაია გაზეტაში“ (Независимая газета) დაბეჭდილია სტატია სათაურით „მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, რომ ბრალდებულიდან ბრალმდებელი გახდეს // ექს-პრეზიდენტის თანამოაზრეები თვლიან, რომ მას განგებ აგიჟებენ“ (ავტორი - იური როქსი). პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული სასამართლო პროცესის მიმდინარეობა და მასთან დაკავშირებული მოვლენები: ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები, ქართველი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების განცხადებები და კომენტარები (წყარო: https://www.ng.ru/cis/2021-11-29/5_8313_georgia.html).

 

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მიმდინარეობაა განხილული აგრეთვე ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის (BBC Russian) მიერ მომზადებულ ვრცელ მასალაშიც სათაურით „საქართველოს არასოდეს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი“: მიხეილ სააკაშვილი პირველად გამოვიდა თავის სასამართლო პროცესზე“ (ავტორი - ნინა ახმეტელი). პუბლიკაციაში ყურადღება აქვს დათმობილი როგორც ექს-პრეზიდენტის გამოსვლას და მის მიერ რუსეთის პრეზიდენტის დადანაშაულებას, ასევე პატიმრობის ისტორიას, ადვოკატების განცხადებებს, მხარდამჭერთა მიერ საქალაქო სასამართლოსთან გამართულ საპროტესტო აქციას (წყარო:  https://www.bbc.com/russian/news-59470044). 

 

მსგავსი შინაარსი აქვს გერმანული „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) პუბლიკაციას სათაურით „სააკაშვილი სასამართლოში: ქაოსი და წიწაკის გაზი ქუჩაში“, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია ძირითადად სამ მომენტზე:  ექს-პრეზიდენტის გამოსვლაზე, საპროტესტო აქციის დროს პოლიციის მიერ ცრემლმდენი (წიწაკის) გაზის გამოყენებაზე და სატრანსპორტო კოლაფსზე დავით აღმაშენებლის ხეივანში - თბილისის ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალზე (წყარო: https://p.dw.com/p/43dOp).

 

გარდა ამისა, ბევრი უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალება სარგებლობს საინფორმაციო სააგენტოების - ბრიტანული „როიტერის“ (Reuters), ამერიკული „ესოშეითედ პრესის“ (Associated Press) და ფრანგული „ფრანს-პრესის“ (France-Presse) მიერ თბილისიდან გადაცემული მასალებით. მაგალითად, ქუვეითის ყოველდღიური გაზეთის Kuwait Times-ის დღევანდელ, 30 ნოემბრის ნომრის მე-6 გვერდზე დაბეჭდილია „ფრანს-პრესის“ მიერ გავრცელებული მასალა სათაურით „საქართველოს ექს-ლიდერმა სასამართლოში განაცხადა, რომ იგი საპყრობილეში "აწამეს" (წყარო: https://news.kuwaittimes.net/website/georgias-ex-leader-goes-on-trial-says-tortured-in-jail).

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ