რუსეთის ფედერალური ტელეარხის „როსია-1“-ის (ТВ Россия-1) პროგრამა ვესტის“ ეთერში გადაიცა ვიდეოსიუჟეტი სათაურით „რუსული ჰოლდინგი „ინტერ-რაო“ საქართველოს წინააღმდეგ: გამარჯვება სტოკჰოლმის არბიტრაჟში“.
გთავაზობთ ვიდეომასალის ტექსტურ ვერსიას მცირე შემოკლებით:
საქართველოსა და „ინტერ-რაო“-ს დიდი ხნის ენერგეტიკულ დავას წერტილი დაესვა: სტოკჰოლმის არბიტრაჟმა რუსული ჰოლდინგის მხარე დაიკავა - სამი ავტორიტეტული საერთაშორისო არბიტრი კანადიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან დაეთანხმნენ მოსარჩელის მოსაზრებებს და დაადასტურეს მისი უფლება კომპენსაციის - 80 მილიონი დოლარის მიღების თაობაზე.
რუსეთმა სრული იურიდიული გამარჯვება მოიპოვა, არბიტრაჟის დადგენილების გასაჩივრება შეუძლებელია. აღსრულების ვადა 23 დეკემბრამდეა.
რუსეთი, საერთოდ, იშვიათად თუ იმარჯვებს სტოკჰოლმის არბიტრაჟში: 2005 წლიდან იქ დარეგისტრირებულია 25 საქმე, მათგან მხოლოდ ხუთია მოგებული, თერთმეტი კი განხილვის პროცესშია.
საქართველოში „ინტერ-რაო“-ს „თელასის“ აქციების 75% და ორი ჰესი - „ხრამი-I“ და „ხრამი-II“ მიეკუთვნება. ყიდვა-გაყიდვის შეთანხმება ითვალისწინებდა ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას ეროვნული ვალუტის - ლარის ინფლაციის პირობებში.
ალექსი ისპოლინოვი, იურისტი: „რა მოხდა 2013-16 წლებში? ლარის კურსი მკვეთრად დაეცა, თითქმის 45%-იანი დევალვაციით. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ტარიფების გარდაუვალი და სწრაფი გადასინჯვა. საქართველოს ხელისუფლება ამ თხოვნას არ დათანხმდა. დაიწყო საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკება. ბოლოს კი რუსეთის კომპანიას სხვა გამოსავალი არ დარჩა, გარდა იმისა, რომ კომპეტენტური სასამართლოსათვის მიემართა“.
საქართველოს წარმომადგენელმა არბიტრაჟში განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ თავის დროზე „ინტერ-რაო“-ს მხოლოდ იმის გარანტია მისცა, რომ მინიმალური მოგება გარანტირებული იქნებოდა.
ვადიმ ჩუბაროვი, რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის არბიტრი: „ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსული კომპანია ზემოგებას ითხოვს, ტარიფის ზრდის მოთხოვნა უსაფუძვლოაო. ეს გარემოება ღრმად იქნა შესწავლილი სტოკჰოლმის არბიტრაჟში და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს“.
ქართული მხარის არგუმენტები საერთაშორისო არბიტრებისათვის არასაკმარისი აღმოჩნდა. უფრო მეტიც: მალე დადგინდება დამატებითი დეტალებიც და სავარაუდოდ, საქართველოს 100 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს „ინტერ-რაო“-ს სამომავლო ზარალის ასანაზღაურებლადაც.
თუ ქართული მხარე უარს იტყვის თანხის ანაზღაურებაზე, „ინტერ-რაო“-ს უფლება აქვს საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილ ქონებას სხვადასხვა ქვეყნებში ყადაღა დაადოს, ნიუ-იორკის 1958 წლის კონვენციის თანახმად.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge