დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"სიტყვა „კორუფციის“ ხსენებას მე ვერ მივიღებ" - სააკაშვილი 02.12.2021 13:54

უსამართლობას მე ვერ მივიღებ, შეურაცხყოფას მე ვერ მივიღებ, სააკაშვილთან სიტყვა „კორუფციის“ ხსენებას მე ვერ მივიღებ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ქვეყანაში კორუფციის დაძლევაზე „მსოფლიო ბანკის“ მიერ გამოცემულ წიგნში, მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, საქართველოზეა საუბარი.

 

„უსამართლობას მე ვერ მივიღებ, შეურაცხყოფას მე ვერ მივიღებ, სააკაშვილთან სიტყვა „კორუფციის“ ხსენებას მე ვერ მივიღებ, იმიტომ, რომ „მსოფლიო ბანკმა“, ერთადერთი შემთხვევა იყო როცა გამოაქვეყნა წიგნი კორუფციის დაძლევაზე ქვეყანაში. ეს მოახერხა მხოლოდ ერთმა ქვეყანამ და ეს იყო საქართველო, ამაზე გამოუშვეს წიგნი. ჰოლანდიის გენერალურმა პროკურორმა მიმიწვია გენერალურ პროკურატურაში, ნამდვილ პროკურატურაში და არა ამ სიმახინჯეში, ლექცია წამეკითხა კორუფციასთან ბრძოლაზე ჰოლანდიელი პროკურორებისთვის და, რა თქმა უნდა, ეს არ ასვენებს ივანიშვილს. ამას გარდა, მოიწვიეს 9 ყოფილი გადამდგარი პროკურორი, დახარჯეს ბიუჯეტის ფული ორი მილიონი, ეს რატომღაც არ იყო ფლანგვა, რამე მაინც გვიპოვეთ სააკაშვილზეო, მათ კი ხელები გაშალეს, ბოდიში, ვერაფერი ვიპოვეთო, ორი წელი იარეს უაზროდ იმათ,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

 

ვინც ჩემს ბოდიშს არასაკმარისად თვლით, მზად ვარ, მოვისმინო თქვენი ყველა პრეტენზია - სადაც მართალი არ ვიქნები, დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის კათარზისი და გაწმენდის პროცესი, - ამის შესახებ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, სადაც საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვის საკითხი განიხილება.

 

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ბოდიშის მოხდას ხელისუფლების უზურპატორებისთვის არ აპირებს.

 

„ბევრი მოთხოვნაა, რატომ არ გამოვხატე მეტი ბოდიშის განცდა ჩემს წინა გამოსვლაში და მეტი სინანული. პირველ რიგში, ამას აკეთებენ უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლები. გასაგებია, ეს დაახლოებით ისეთი სინანულია, როგორც სტალინი აწყობდა ღია პროცესებს, ყველა აღიარებდა თავის ბრალს და მერე ყველას ხვრეტდნენ თავისი აღიარებული საჯარო ბრალის საფუძველზე. იმ ხალხის მიმართ მე არანაირი სასინანულო არ მაქვს. რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, დანარჩენ საზოგადოებასთან მე ბევრი მაქვს სალაპარაკო. თქვენ იცით, რომ ჩემი საპრეზიდენტო ფიცი დავდე დავით აღმაშენებლის საფლავზე და დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“ ეს არის პიროვნული პასუხისმგებლობის, მორალური კატეგორიების ერთმანეთთან შეწონვა და საზოგადოების წინაშე პასუხისგება, რეფლექსია, რა უნდა ყოფილიყო სხვანაირად. ეს რეფლექსია მე მაქვს მთელი ეს წლები და ძალიან ბევრი მაქვს საფიქრალი, მაგრამ დავით აღმაშენებელს „გალობანი სინანულისანი“ არ წარმოუთქვამს თურქ-სელჩუკების ტყვეობაში, ის არ მოხვედრილა თურქ-სელჩუკების ტყვეობაში და თურქ-სელჩუკების სასამართლოს წინაშე. მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, მეგობრებო, მე ახლა პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის და როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს, ხომ გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ. ვინც ჩემს ბოდიშს არასაკმარისად და არაგულწრფელად თვლით, ვინც მიიჩნევთ, რომ ჩემი აღიარება საერთოდ არ არის საკმარისი და უნდა ჩამომეთვალა ყველა სფერო, მე მინდა ყველას გითხრათ, მზად ვარ, მოვისმინო ყველა თქვენი პრეტენზია, მზად ვარ ვიკამათო თქვენთან, მოგისმინოთ და მართლა იმედი მაქვს, რომ თქვენც გაგებით მოეკიდებით, სადაც მართალი შეიძლება აღმოვჩნდე - დამეთანხმოთ, განსხვავებით ამ სასამართლოსგან, აქ აზრი არ აქვს სიმართლის მტკიცებას ან სადაც მართალი არ ვიქნები, მე დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის კათარზისი და გაწმენდის პროცესი. ბოდიშს მე არავისთან არ ვითხოვ და ამაზე საკითხი საერთოდ არ დგას, მაგრამ, ვინც მე მასამართლებს სამარცხვინო ბრალდებით, როგორც პიჯაკების ქურდს იმისთვის, რომ რაღაც სამკურნალო პროცედურებია გავიარე ან იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის წარმოჩენა მინდოდა უმაღლეს დონეზე, ყველგან, სადაც მივიდოდი ან იმსახურებდა კარგად დახვედრას იმიტომ, რომ ეს არის ქართველების ინსტინქტი, მაგრამ რუსეთისთვის ეს გაუგებარია და ესენი რუსები არიან,“- განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ