დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

უნდა გაუღოს თუ არა ნატომ კარი საქართველოს? - რას წერს უცხოური პრესა 02.12.2021 16:10

ცნობილ ამერიკულ ლიბერტარიანულ ჟურნალ Reason-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უნდა გაუღოს თუ არა ნატომ კარი საქართველოს? რუსეთთან კონფლიქტი -  მუდმივი მუქარა სამი ათეული წლის განმავლობაში“ (ავტორი - ერიკ ბოემი).

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

„იმ პრობლემებს შორის, რომელიც საქართველოს ჰქონდა დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან სამი ათეული წლის განმავლობაში, მთავარი პრობლემაა ის, რომელიც გაჩნდა რუმინეთში გამართულ ნატოს სამიტზე, 2008 წლის აპრილში.

 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომელიც უკანასკნელად მონაწილეობდა სამიტში პოსტიდან წასვლის წინ, ბუქარესტში იმ განზრახვით ჩავიდა, რომ როგორმე დაერწმუნებინა თავისი კოლეგები - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები საქართველო ნატოში მიეღოთ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო ევროპასთან და აშშ-თან მჭიდროდ დაახლოებას ცდილობდა. ჯორჯ ბუშის მიერ ერაყში და ავღანეთში დაწყებული ომების დროს საქართველო აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე იყო - თბილისმა თავისი წვლილი შეიტანა ამერიკის ძალისხმევაში და ამ ქვეყნებში ასობით ჯარისკაცი გაგზავნა. გარდა ამისა, საქართველომ ვაშინგტონს გამოსაყენებლად თავისი აეროდრომებიც დაუთმო. და რატომ არ უნდა გაფორმებულიყო მჭიდრო ურთიერთობა ოფიციალურად?

 

ბუქარესტის სამიტზე ჯორჯ ბუშის ოპოზიციას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი წარმოადგენდნენ. მათ ამერიკელი კოლეგა გააფრთხილეს, რომ საქართველოს მიწვევა ნატოს წევრად ან იმის დაფიქსირება, რომ ამ ქვეყნის ნატოში მიღება ალიანსის გეგმაში იყო, რუსეთის აგრესიულ ქმედებას გამოიწვევდა. მით უმეტეს, რომ საქართველო - რუსეთის უშუალო მეზობელი -  კავკასიის რეგიონში მდებარეობს, ანუ ნატოს არსებული საზღვრების მიღმა და რომ საქართველოს მიღებით ალიანსს უფრო მეტი პრობლემები გაუჩნდებოდა (უფრო მოწყვლადი გახდებოდა), ვიდრე რაიმე სარგებელი ექნებოდა.

 

ჯორჯ ბუშმა ბუქარესტში ასე თუ ისე მაინც თავისი გაიტანა, თუმცა ანგელა მერკელს და ნიკოლა სარკოზის დიდი დრო არ დასჭირვებიათ იმისათვის, რომ თავიანთი პოზიციის ობიექტურობა დაემტკიცებინათ, მხოლოდ რამდენიმე საათი იყო გასული ნატოს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის გამოქვეყნებიდან, რომელშიც საქართველოსა და უკრაინის სავარაუდო წევრობა საკმაოდ გაურკვევლად იყო მოცემული, რომ რუსეთის მთავრობამ საქართველოში არსებულ პრორუსულ რეგიონებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

მხოლოდ რამდენიმე თვე იყო გასული ნატოს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის გამოქვეყნებიდან, როცა რუსულმა ტანკებმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს (ქართული არმიის შეტევის პასუხად). ომი ორ კვირაზე ნაკლებ დროში დასრულდა, მაგრამ დიდი ზარალით - 20 ათასზე მეტი ქართველი იძულებული გახდა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დაეტოვებინა. უკვე ათ წელზე მეტია ეს ორი პროვინცია დეფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ რჩება, თუმცა საქართველოს მთავრობა მასზე პრეტენზიები ისევ აქვს.

 

ახლა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ისევ ვარაუდობს, რომ საქართველოს ნატოში მიღება შეიძლება, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი პირობით.

 

როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენის კანდიდატურას 2021 წლის იანვარში კონგრესში იხილავდნენ, ერთ-ერთ კითხვაზე მან უპასუხა, რომ თუ საქართველო ნატოს სტანდარტებსა და მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა, მისი ნატოს წევრად მიღება შესაძლებელი იქნებოდა. „გამოდის, რომ თქვენი პოზიციის რეალიზების შემთხვევაში ჩვენ რუსეთთან ომი მოგვიწევს“, - განაცხადა სენატორმა რენდ პოლმა.

 

რუსეთთან კონფლიქტი მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდა საქართველოსთვის სამი ათეული წლის განმავლობაში - მას შემდეგ, რაც ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა. ამ მიზეზის გამო თბილისის დიდი ხანია ისწრაფვის ევროკავშირისა და ნატოსაკენ. ბოლო წლების გამოკითხვების შედეგები მუდმივად აჩვენებს, რომ ქართველი ხალხის დიდი ნაწილი მხარს უჭერს სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკური ინტეგრაციას ორივე ორგანიზაციასთან. საქართველოს უკვე ხელმოწერილი აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, რომელიც მის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად ითვლება, ხოლო საქართველოს მოქალაქეების 2017 წლიდან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ და მაინც - იმის მიუხედავად, რომ ევროპის ეკონომიკა საქართველოსთვის გახსნილია - ევროკავშირის ლიდერები ძველებურად უფრთხოდნენ სამხედრო ალიანსის გაფართოებას შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირისაკენ. „მე საქართველოს ნატოს წევრად უახლოეს ხანში ვერ ვხედავ“, - განაცხადა ანგელა მერკელმა 2018 წელს თბილისში ვიზიტის დროს.

 

საქმე იმაში არაა, რომ ნატო თითქოს გაფართოების წინააღმდეგ გამოდის. კაცმა რომ თქვას, ალიანსი უკვე საკმაოდ გაფართოვდა ცივი ომის დასრულების შემდეგ - მას 14 ახალი წევრი დაემატა უკვე დაშლილი საბჭოთა კავშირიდან და საერთოდ, ყოფილი აღმოსავლური სოციალისტური ბლოკიდან. 

 

საქართველოს ნატოში მიღების მომხრეების ადასტურებენ, რომ ვაშინგტონი თბილისს დიდ დახმარებას უწევს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, სხვადასხვა სახით - მართლაცდა, უკვე ხელმოწერილია სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია, საქართველოს უკვე აქვს ამერიკული სამხედრო ტექნიკა...

 

თუ საქართველო ნატოში იქნება მიღებული, შესაძლოა მისი უსაფრთხოების დონე გარკვეულწილად განმტკიცდეს. კონგრესში იმავე იანვრის განხილვის დროს, როცა რუსეთის სავარაუდო ნაბიჯებზე ლაპარაკობდნენ - ვაითუ, მოსკოვმა საქართველოს ალიანსში მიღების შემდეგ მასზე აგრესია განახორციელოსო, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ იგი პირიქით ფიქრობს: „ჯერ არცერთი ქვეყანა, რომელიც ჩვენ ნატოს წევრად მივიღეთ, რუსეთის აგრესიის მიზანი არ გამხდარა“.

 

ნატოს გაფართოება პოსტსაბჭოთა ეპოქაში ქათმისა და კვერცხის პრობლემას მოგვაგონებს. რომელს უნდა მიეცეს უპირატესობა? მართლაცდა, რუსეთი უფრო აგრესიული იყო საქართველოსა და უკრაინის მიმართ, ვიდრე ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისადმი, რომელთანაც მას ასევე საერთო საზღვარი აქვს. არის თუ არა ნატოს წევრობა შემაკავებელი ფაქტორი რუსული აგრესიისათვის? შეიძლება თუ არა ჩაითვალოს რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინის მიმართ ბუნებრივ რეაქციად ნატოში ბალტიისპირეთის ქვეყნების მიღების გამო? რამდენად შეიძლება ჩავთვალოთ რუსეთის ანტიუკრაინული და ანტიქართული აგრესია ისეთ პასუხად, რომ ამით მოსკოვი თავიდან იცილებს რუსეთის საზღვრებთან ალიანსის მიახლოებას?

 

სხვათა შორის, ეს სრულიად კანონიერი კითხვებია, რომლებიც ნატოს წინაშე დგას: რას მოიგებს ალიანსი გაფართოებით? ნატოში ხომ კოლექტიური თავდაცვის პრინციპი მოქმედებს: ერთ წევრზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს. ამ დროს საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები, ალბათ, მართლები არიან, როცა კითხვა უჩნდებათ - რამდენად მიზანშეწონილია რისკის გაწევა საქართველოს უსაფრთხოების დაცვის ვალდებულების აღებით? უმჯობესდება თუ არა ამ ნაბიჯით მათი საკუთარი ხალხის უსაფრთხოება?

 

„საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემა ნატოს რთულ სიტუაციაში აყენებს. პირველი - ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის შესაბამისი პუნქტის გაუქმება ალიანსის სტრატეგიული უკანდახევა იქნებოდა. თუ ასე მოხდება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ნატო ეთანხმება რუსეთის გავლენას აღნიშნულ ქვეყნებზე. მეორე - თუ 2008 წლის სამიტის დაპირება შესრულდება - საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, მაგრამ იმავდროულად ისინი რუსეთის აგრესიისაგან მაინც დაცულები არ იქნებიან, მაშინ ნატოს გაფართოება გიგანტურ ბლეფს ემსგავსება და მის მიმართ ნდობას ძირი ეთხრება“, - ამბობს ჰენრიკ ლარსენი, აშშ-ის უსაფრთხოების კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი.

 

საქართველო მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. „რუხ ზონაში“: მისი მთავრობა განწყობილი რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ გეოგრაფიული მდებარეობის გამო მაინც იძულებული ხდებოდა რუსეთის ორბიტასთან ყოფილიყო დაკავშირებული. როგორც ჩანს, ასეთი სიტუაცია სამომავლოდაც შენარჩუნდება, რადგან ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გარკვეულ ნიუანსებს ითვალისწინებს.

 

ამჟამად საქართველო ვერ აკმაყოფილებს ნატოს წევრობის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას, რომლის თანახმად, კანდიდატ სახელმწიფოს მეზობლებთან ტერიტორიული დავები არ უნდა ჰქონდეს. თუ საქართველო (ან რუსეთი) უარს არ იტყვის თავის პრეტენზიებზე აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მიმართ, საქართველო ალიანსის წევრი ვერ გახდება. ამ გარემოებას ჩვენ ისევ 2008 წლის მოვლენებთან მივყავართ: იცოდა რა, რომ ნატო საქართველოს წევრად მიღების საკითხს იხილავდა და იცოდა რა ისიც, რომ ტერიტორიული დავების გამო ქვეყანას ალიანსის წევრად არ მიიღებენ, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა საქართველოსთან კონფლიქტის გასაჩაღებლად (როცა მოსკოვმა დაინახა, რომ მისი ნაბიჯი ეფექტური აღმოჩნდა, იგივე გაიმეორა 2014 წელს უკრაინის მიმართ).

 

ისეთი ალიანსისათვის, როგორიც ნატოა, მოსკოვის რეაქცია საშიში არ უნდა იყოს: ცნობილია, რომ ხშირად ხდება ხოლმე პოლიტიკაში, როცა ისეთ რაღაცას აკეთებ, რომელიც შენს გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეს არ მოსწონს. მაგრამ ერთი მთავარი პრინციპი უნდა იქნეს დაცული: სარგებელი ზიანს უნდა აღემატებოდეს. თუ საქართველოს მხარდაჭერის (ნატოში მისი მიღების) ფასი ევროპაში აშშ-ის ძალების გაზრდა და მოწინააღმდეგესთან ომის დაწყების რისკი მომატებაა, მაშინ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ არ უნდა იჩქაროს იმისთვის, რომ არსებული სტატუს-ქვო შეცვალოს.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ