დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

შუამავლის როლი საქართველოში მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ დროს - ინტერვიუ რუსეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრთან 02.12.2021 16:17

რუსულ გაზეთ „კომერსანტში“ (КоммерсантЪ) გამოქვეყნდა რუსეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის (1998-2004 წლებში), რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს პრეზიდენტის, „მგიმო“- ს პროფესორის იგორ ივანოვის ინტერვიუ.

 

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

 

- თქვენს ბიოგრაფიაში არის ერთი ფაქტი, რომელიც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი და გაბედულ ნაბიჯს წარმოადგენს. თქვენ მოგვარეთ კონფლიქტი ედუარდ შევარდნაძის მომხრეებსა და მიხეილ სააკაშვილის ახალ ხელისუფლებას შორის საქართველოში. „ვარდების რევოლუცია“ მშვიდობიანი გზით განხორციელდა - საბოლოო ჯამში ქვეყანაში სისხლი არ დაღვრილა. და ეს მოხდა იმის წყალობით, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავალი თქვენ იყავით. როგორ მოხდა ეს ყველაფერი, როგორ გადაწყვიტეთ ასეთი ნაბიჯის გადადგმა?

 

- დიახ... მოსკოვში ამ დროს უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა, რომელსაც მეც ვესწრებოდი. სხდომის დროს გაცხადდა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს სასწრაფოდ სურდა საუბარი ვლადიმერ პუტინთან. მათ ტელეფონით ლაპარაკი დაიწყეს. ედუარდ შევარდნაძემ ილაპარაკა საქართველოში იმ დროისთვის შექმნილ მდგომარეობაზე და შეშფოთება გამოხატა, ვაითუ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდესო. მან ითხოვა რუსული მხარის დახმარება  იმ მიზნით, რომ შექმნილი კრიზისიდან ქვეყანა კონსტიტუციური გზით გამოსულიყო. ვლადიმერ ვლადიმიროვიჩმა ჰკითხა - რით შეგვიძლია დაგეხმაროთო. ედუარდ შევარდნაძე ეუბნება, რომ თუ შესაძლებელია, იქნებ იგორ სერგეევიჩ ივანოვი გამოგზავნოთ, მას ჩვენთან, საქართველოში, კარგად იცნობენ, თვითონაც ბევრ ქართველ პოლიტიკოსს იცნობს და, ალბათ, რაღაცას გავაკეთებთო. ვლადიმერ ვლადიმიროვიჩმა დამავალა და მეც იმ ღამესვე გავფრინდი თბილისში. ასე რომ, ამაში რაიმე საიდუმლო არ არის. ასე აღმოვჩნდი ჩართული იმ კონფლიქტში.

 

შევხვდი ოპოზიციის ლიდერებს - მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ჟვანიას და ედუარდ ამბროსიევიჩსაც. მთელი ჩვენი მისიის არსი იმაში მდგომარეობდა, რათა იმ კრიზისიდან უსისხლოდ გამოვსულიყავით, თანაც კონსტიტუციური ნორმებიც არ დაგვერღვია. საჭირო იყო მოლაპარაკების მაგიდასთან ყველა ერთად დამჯდარიყო - იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთთან არ ლაპარაკობდნენ. როცა „ვარდების რევოლუციის“ ლიდერები პარლამენტში შევიდნენ, იქ მყოფი ედუარდ ამბროსიევიჩი ფაქტიურად იძულებული გახდა თავის რეზიდენციაში წასულიყო. მათ ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტები არ ჰქონდათ, მხოლოდ მესამე პირების მეშვეობით. ამიტომაც აუცილებელი იყო ერთად დამჯდარიყვნენ მაგიდასთან, კრიზისდან გამოსვლის მიზნით.

 

ჩვენ გარკვეული ძალისხმევით და დიპლომატიური წესების დაცვით მოვახერხეთ და დაპირისპირებული მხარეები მაგიდასთან ერთად დავსვით. ჩვენი გზავნილის მთავარი არსი ის იყო, რომ ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო სისხლის დაუღვრელად და კონსტიტუციის დარღვევლად. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიცია არ აღიარებდა არჩევნების შედეგებს, საქმე ეხებოდა არჩევნების ხელახალ ჩატარებას. პრინციპში, მოლაპარაკება გაიმართა და შეთანხმებას მივაღწიეთ. მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია ედუარდ შევარდნაძის რეზიდენციაში მოვიდნენ. ერთ მხარეს იჯდა ედაურდ ამბროსიევიჩი თავისი თანაშემწით, მეორე მხარეს კი სააკაშვილი და ჟვანია. რასაკვირველია, მეც იქ ვიყავი. ვისაუბრეთ და მე ვთქვი, რომ ჩემს მისიას შესრულებულად ვთვლი, პრინციპულად შევთანხმდით, თუ როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან.

 

ისინი დავტოვე და თბილისიდან ბათუმში გავფრინდი, რადგან საჭირო იყო ასლან აბაშიძესთან - აჭარის ლიდერთან მოლაპარაკება, რათა მასაც მხარი დაეჭირა ჩვენი შეთანხმებისათვის. ჩემი წამოსვლის შემდეგ იქ რა მოხდა, გულახდილად გეტყვით, რომ არ ვიცი. როგორც კი ბათუმში ჩავფრინდი, იმავ წუთს ასალან აბაშიძე მხვდება და მეუბნება, რომ თქვენი თბილისიდან გამოფრენის შემდეგ ნახევარი საათში ედუარდ ამბროსიევიჩმა გადადგომა გამოაცხადაო.. ვერ გეტყვით, რაზე ისაუბრეს მხარეებმა, რა უთხრეს ერთმანეთს... იმიტომ, რომ სანამ იქ ვიყავი, გადადგომაზე ლაპარაკი არ ყოფილა. ვსაუბრობდით იმაზე, რომ კრიზისი ახალი არჩევნების გზით უნდა მოგვეგვარებინა.

 

- ამის შემდეგ თქვენ მიხეილ სააკაშვილს აღარ შეხვედრიხართ?

 

- როგორც ცნობილია, მოგვიანებით საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა. მე მის ინაუგურაციას ვესწრებოდი. რა თქმა უნდა, შემდეგ ჩვენ ერთმანეთს ხშირად ვეკონტაქტებოდით.

 

- საერთოდ, რას ფიქრობთ მის შესახებ?

 

- მე ვთვლი, რომ იმ დროს არსებობდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარების სერიოზული შესაძლებლობა. რუსეთის მხრიდან ამ მიზნით ბევრი რამ გაკეთდა. საქართველოში იმ ხანებში ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ კონფლიქტების მოგვარების გასაღები მოსკოვში არისო და ამას ხშირად იმეორებდნენ. როცა მიხეილ სააკაშვილი თავისი პირველი ვიზიტით მოსკოვში ჩამოვიდა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს მან აღნიშნა, რომ გასაღები თქვენ აქ, მოსკოვში გაქვთო. ამაზე ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა უპასუხა, რომ გასაღები თქვენ გაქვთ [თბილისში], ჩვენ კი მზად ვართ დაგეხმაროთ და ხელი შეგიწყოთო.

 

მართლაც, ჩვენ საქართველოს ძალიან ვეხმარებოდით. ქართველი ლტოლვილების მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით 40 ათასი ადამიანი, აფხაზეთში დაბრუნდა. ჩვენ შევქმენით დელეგაცია საზღვრის საკითხის მოსაგვარებლად, მივიღეთ რთული გადაწყვეტილება სამხედრო ბაზების გაყვანის მიზნით. დიახ, ეს იყო ძალზე რთული გადაწყვეტილება... ამასთან, ჩვენი ქართველი კოლეგები, თვითონ მიხეილ სააკაშვილიც, გვარწმუნებდნენ, რომ ჩვენგან დატოვებულ ბაზებს მესამე სახელმწიფო არ დაიკავებდა და ისინი გამოყენებული იქნებოდა ერთობლივად, რუსეთისა და საქართველოს მიერ, რაღაც საგანგებო სიტუაციების დროს. ანუ, რუსული მხრიდან, ჩემი აზრით, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. სამწუხაროდ, მოგვიანებით - არ ვიცი, რატომ - ამას მოჰყვა მთელი რიგი პროვოკაციული მოქმედებები - რუსეთის მოქალაქეების დაჭერები, იარლიყების მიწებება და ასე შემდეგ. ურთიერთობამ გაურესება დაიწყო...

 

მე ყოველთვის ვამბობ, რომ პროფესიონალს შეუძლია ურთიერთობა კიდეც ააწყოს და კიდეც ჩაშალოს - გააჩნია, როგორი მიზანი ექნება დასახული.

 

ურთიერთობის აწყობა შედარებით ძნელია, ვიდრე მისი დანგრევა. ვის ჰქონდა მიზნად საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დანგრევა, მე არ ვიცი, მაგრამ შემიძლია დამაჯერებლად გითხრათ, პასუხისმგებლობის გრძნობით, რომ რუსეთის მხრიდან ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ საქართველოსთან გრძელვადიანი, ნორმალური და ხანგრძლივი პერსპექტივის მქონე ურთიერთობა განვითარებულიყო.


წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ