დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

175 000-მდე ჯარისკაცი საზღვრის გასწვრივ - რა გეგმები აქვს რუსეთს უკრაინასათან მიმართებაში - ექსპერტის შეფასება 06.12.2021 15:48

 

აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ვარაუდით, რუსეთს რამდენიმე თვეში უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო შეტევის განხორციელება შეუძლია, რადგან მას საზღვრის გასწვრივ 175 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.


როგორც ამერიკული მედია წერს, დაზვერვა აღნიშნულ სიტუაციას აფასებს, როგორც ,,გამაოგნებელ ესკალაციას“, რომლის შესახებაც ბაიდენმა გაფრთხილება გააგზავნა და თქვა, რომ აღნიშნული მძიმე შედეგს მოიტანდა. უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარებს აქვთ საიმისო რესურსი, რომ სწრაფი და მოულოდნელი ინტერვენცია განახორციელონ. მათ შორის, აამოქმედონ მომარაგების ხაზები სამედიცინო შენაერთებისა და საწვავისთვის, რაც მოსკოვს სამხედრო მოქმედებების ხანგრძლივი ვადით წარმოების საშუალებას მისცემს, თუკი ის უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს.


ასევე, დაზვერვის სამსახურის მონაცემებში, რომელიც გამოცემა Washington Post-მა 4 დეკემბერს გაავრცელა, ნათქვამია, რომ რუსეთს უკრაინაზე შეტევის დაწყება 2022 წლის დასაწყისში, 100 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფით შეუძლიადაზვერვის ინფორმაციით, ამჟამად ამ ქვედანაყოფების ნახევარი უკრაინის საზღვართან იმყოფება.


სწორედ უკრაინის საკითხი იქნება მთავარი თემა ბაიდენი-პუტინის ვიდეოშეხვედრისას, რომელიც თეთრი სახლის ინფორმაციით, 7 დეკემბერს შედგება.


"პრეზიდენტი ბაიდენი ხაზს გაუსვამს აშშ-ის შეშფოთებას უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მოქმედებებით და კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ" - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

 

აღნიშნულ საკითხებზე ჯორჯიან თაიმსს ექსპერტი ამირან სალუქვაძე ესაუბრა.

 

აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, რამდენად რეალურია წლის დასაწყისში რუსეთ- უკრაინის ომის დაწყების საფრთხე?


ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები და მეორე მხრივ, რა აქვს  გადაწყვეტილი რუსეთს უკრაინასთან მიმართებაში. თუ გადაწყვეტილი აქვს ომი - იომებს, თუ ძალთა კონცენტრაცია არის პოლიტიკური ზეწოლისთვის, - ეს კიდევ ცალკე თემაა. ამ ეტაპზე, დანამდვილებით ამის პროგნოზსს ვერავინ გააკეთებს. ფაქტია, რომ ესკალაციისკენ მიდის ყველაფერი. ამ დღეებში ლავროვმა თქვა, რომ „კიევი არ აპირებს საკუთარი ნებით მინსკის შეთანხმების შესრულებას, საჭიროა მისი იძულება“. იძულების ოპერაცია ვიცით ერთი, რომელიც 2008 წელს იყო.


პოლიტიკური ზეწოლა საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რათა კიევმა შეასრულოს მინსკის შეთანხმება თუ სამხედრო ზეწოლა რუსეთის მხრიდან? - რა იგულისხმა ლავროვმა, ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს.


მაინც ვფიქრობ, რომ ღია აგრესიისკენ ცარიელ ადგილას, რუსეთი არ გადადგამს ნაბიჯებს და შეეცდება ეს ყველაფერი შეფუთოს, ან სამხედრო მოქმედებების პროვოცირება მოახდინოს.


თქვენ რაში ხედავთ ამ კონფლიქტის მოგვარების გამოსავალს?

თუ შეიძლება ამას გამოსავალი ვუწოდოთ - ეს არის რუსეთის სამეზობლო პოლიტიკის შეცვლა,  რაც მოსალოდნელი არ არის, განსაკუთრებით კი ბოლო წლების განმავლობაში. რაც უფრო გადის დრო, მეტად მყარდებიან ისინი საკუთარ შეხედულებებში, რომ მეზობლებთან და ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით უნდა ისაუბრონ. მთელი მათი რიტორიკა აქეთკენაა მიმართული.

 

კონფლიქტის მოგვარებას, ალბათ არ ჰყოფნის საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა, რადგან დიალოგი, როგორც პოლიტიკური პროცესი ყოველთვის ის გზაა, რომელიც საომარ მოქმედებებს გადაავადებს. რამდენიმე დღეში ბაიდენ -პუტინის საუბარი და შეხვედრა შედგება. ვნახოთ, რა შედეგებს მოიტანს.


ევროპის ჩართულობით რაიმე ძვრებს ვერ ვხედავ. მითუმეტეს, კარგად იცოდნენ, რომ მერკელი მიდოდა. ის ევროპასა და საერთაშორისო პოლიტიკაში ერთ-ერთი ძირითადი ფიგურა იყო. მისი ახალი კანცლერით ჩანაცვლებას დრო დასჭირდება. ჯერჯერობით, ერთადერთი ფორმატი, რომელსაც ვითარების განმუხტვა და სამშვიდობო პროცესის დამკვიდრება შეუძლია, აშშ- პრეზიდენტის ჩართულობაა. ეს კი ბაიდენ-პუტინის შეხვედრის შემდეგ გამოჩნდება, მანამდე  არ მგონია, რაიმე სახის სამხედრო მოქმედებები დაიწყოს.

 

ბოლო დროს ხშირად ისმის ამერიკისგან მესიჯები, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად ნატოს წევრები უნდა გახდნენ, რუსეთს კი ეს არ სურს. შესაძლოა ჩვენთან მიმართებაში, მისგან რაიმე სერიოზულ, საფრთხის შემცველ ნაბიჯს ველოდოთ?

 

აგრესორს იმიტომ ვეძახით რუსეთს, რომ ცარიელ ადგილას შეუძლია აგრესიის განხორციელება. უკრაინას სხვა გზა აქვს, მან ჩვენგან განსხვავებით ყირიმი დაკარგა. ჩვენთან გაცილებით ადრე დაიწყო ეს ყველაფერი. იყო ცხინვალის მოვლენები, აფხაზეთის ომი და ვიცით, რომ რუსეთის ჩართულობით, მხარდაჭერითა და მოტყუებით მოხდა. დიდი გამოცდილება გვაქვს რუსეთთან, ძალით ჩაგვითრიეს დსთ-ში. ამ ფორმატში ჩვენს ყოფნას შედეგი არ მოუტანია, პირიქით, სულ უფრო და უფრო გრილდებოდა ურთიერთობები თბილისსა და სოხუმს შორის. ჩვენი არჩევანი ნატოსკენ ცარიელ ადგილას არ გაგვიკეთებია და 2003 წლიდან არ დაწყებულა მისკენ ლტოლვა. ეს გაცილებით ადრე დაიწყო. ღირებულებების გარდა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გვინდა ევროპა და ნატო, არის უსაფრთხოების მიღება. საფრთხეებიდან გამომდინარე ვილტვით ნატოსკენ; ამაში დამნაშავე კი თავად რუსეთია. რატომ უნდათ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ნატოში გაწევრიანება?! - ამის აღიარება და გათვითცნობიერება მათ არ სურთ.


რომ არა რუსეთის აგრესია, სამხედრო პოლიტიკური ბლოკებისკენ კი არ გვექნებოდა ლტოლვა, არამედ, ეკონომიკური გაერთიანებებისკენ.  რუსეთი ამას არ იაზრებს. ისინი რჩებიან საკუთარ რიტორიკაში, რომ მაქსიმალურად უნდა გააძლიერონ სამხედრო შესაძლებლობები და ამ პოზიციით ელაპარაკონ მეზობლებსა და დანარჩენ მსოფლიოს.


თავად არიან წყარო იმისა, რომ ეს რელობა შეიქმნას - ჩვენ თავი არ ვიგრძნოთ უსაფართხოდ და მოვძებნოთ ქოლგა. მერე ამას გვიტრიალებენ უკან, რომ თქვენ ნატოსკენ მიდიხართ და ჩვენგანაც რეაგირება მოჰყვება. დიახ, სწორედ იმიტომ მივდივართ ნატოსკენ, რომ რუსეთისგან საფრთხეს ვგრძნობთ.  

 

/ ნინო ოთარაშვილი /

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ