"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ დავით ზარდიაშვილის ბლოგს:
„ქართული ნიუნბერგი“, რაც საქართველოს დენაციფიკაციისათვის მართლაც იდეალური იქნებოდა, პრინციპულად შეუძლებელია მთელი რიგი მიზეზების გამო;
კერძოდ:
1. სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი უმძიმესი სისტემური დანაშაულებიც კი, მაინც საქართველოს მასშტაბებს არ გასცილებია და არც საქართველო დამარცხებულა ნაცისტური გერმანიასავით მის მიერვე აღძრულ მსოფლიო ომში; ამიტომ არც პირადად სააკაშვილის, არც თუნდაც მთლიანობაში მისი რეჟიმის (რომც შედგეს) სასამართლოს საერთაშორისო ტრიბუნალის, რაც იყო ნიუნბერგის სასამართლო, სახე და შინაარსი, ვერც მნიშვნელობა, ვერ ექნება; სპეკულაციები, რომ სააკაშვილიც, როგორც ამას ბევრი მოითხოვს - „ავტორიტეტულმა საერთაშორისო სასამართლომ“ განსაჯოს, ყოვლად უსაფუძვლოა - სააკაშვილიცა და მისი რეჟიმიც ეროვნული და არა მსოფლიო მასშტაბის უმძიმესი ტრაგედია და დრამაა, მისი განსჯა კი მხოლოდ ჩვენივე, ქართველი ერის საქმეა და არა საერთაშორისო თანასაზოგადოებისა. ნიუნბერგის მსგავსი „ზეეროვნული მართლმსაჯულების“ მოლოდინი სრულიად ფუჭია, და ვერც სააკაშვილის მიმდინარე სასამართლო ვერ იქნება მსგავსად ავტორიტეტული, როგორიც იყო ნიუნბეგის პროცესი გერმანელი ერის დენაციფიკაციისათვის. , გვინდა ეს თუ არა, ამასთან შეგუება მოგვიწევს.
2. ისტორიული მომენტი, როცა სააკაშვილის რეჟიმი უნდა გასამართლებულიყო და ნაცების პარტია გამოცხადებულიყო დამნაშავე, აკრძალულ ორგანიზაციად, „კოჰაბიტაციის“ გამოცხადების დროიდან, როცა სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო და მას იმპიჩმენტი არ მოუწყეს, უკვე ხელიდან გაშვებულია. არა ჩადენილ სისტემურ დანაშაულთა ხანდაზმულობის გამო, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით: ვინაიდან ნაცების პარტია 2012 წლის შემდეგაც საქართველოში ცენტრალურ თუ მუნიციპალურ დონეებზე მოქმედი ხელისუფლებების ნაწილია. ეს პარტია 2012 წლის შემდეგ უკვე 8 არჩევნებში იქნა დაშვებული და მან 8-ჯერვე მოიპოვა ლეგიტიმაცია, ე.ი. მიიღო ხალხისგან ხელისუფლების მანდატი და აქ მნიშვნელობა არა აქვს, რომ იგი მუდამ უმცირესობაშია და „ოპოზიციური“, რადგან მანდატი მანდატია და მას ზედ არ აწერია ოპოზიციურია თუ „პოზიციური“ იგი. რასაკვირველია, სამართლის უზენაესობისათვის არც ესაა გადაულახავი წინაღობა, „სამართალი უნდა აღსრულდეს, თუნდაც დაიქცეს ქვეყანა“, მაგრამ... რეალურად, ნებისმიერ ხელისუფლებას, თუ ის ღვთისნიერად იდეალური ვერ არის, ძალიან გაუჭირდება „“ქვეყნის დაქცევის“ რისკის ფასად სამართლის აღსრულების პასუხისმგებლობა იტვირთოს. მსგავსად იდეალური კი არც ეს ხელისუფლება არ არის და მაინცადამაინც ნურც მოველით, რომ ოდესმე გვეყოლება.
3. საქართველოს სასამართლო დღემდე არ აღიარებს, რა მონურ მდგომარეობაში იყო 2012 წლამდე. ეს, ანუ საკუთარი მონობის არ გაცნობიერება ანდა უარესი - ვერ აღიარება, მის დღევანდელ დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და მაშასადამე, რეპუტაციას იმდენად დიდ დაღს ასვამს, რომ იგი უუნაროა ისე განსაჯოს მისივე დამმონებელი რეჟიმი, რომ საქართველოს სახელით გამოტანილი მსჯავრი ბოლომდე აღქმული იქნეს სწორედ სამართლის და არა „პოლიტიკურ“ განაჩენად.
ამიტომ: იდეალისტებსაც კი, ვისაც ნიუნბერგის პროცესი საუკეთესო გამოსავლად დღემდე მიგვაჩნია, მოგვიწევს შეგუება და დაშოშმინება - ეს არ გამოვა, რადგან თავს ზემოთ ძალა არ არის!
მიუხედავად ამისა, მაინც ჩვენ ჩვენი უნდა ვეცადოთ და მოვთხოვთ პროკურატურას, სააკაშვილს ორი მთავარი ბრალი - აგვისტოს ომში ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ კრახამდე მიყვანისათვის სახელმწიფო ღალატისა და წამების სასჯელაღსრულების პოლიტიკად გადაქცევისათვის ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულისა, აუცილებლად წაუყენოს!
მაგრამ ვიმეორებ: იდეალური არაფერია. ამიტომ ნურც ეს გაგვაკვირვებს, რომ სააკაშვილსა და ნაცებს სამართალი პასუხს მოსთხოვს არა სრულად, არამედ მხოლოდ იმდენად და იმ ფარგლებში, რამდენადაც და სადაც წასწვდება. ცხადია, სააკაშვილს, სამართალი რომ აღსრულდეს, სასჯელად უვადო პატიმრობა უნდა შეეფარდოს. მაგრამ, არ ღირს ქვეყნის დაქცევა არც იმისათვის, თუკი მას სასამართლო თუნდაც 6 წელს აკმარებს. არც თუნდაც მაშინ, თუკი გიჟად გამოაცხადებენ და საზღვარგარეთ გაუშვებენ სამკურნალოდ. მთავარია იგი იზოლირებული იქნას და საქართველოს პოლიტიკაში ჩარევის ყველა გზა, რამდენადაც კი ეს შესაძლებელია, როგორმე დაეხშოს. აი ამაზე, ღირს ხელის გამოღებაც.
დენაციფიკაცია, როგორც აშკარადა ჩანს - არ და ვერ შედგება. მაშ რა ვქნათ? იგივე, რაც პანდემიის დროს არის რეკომენდებული - უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება "ნაცებთან", სწორედ ისევე, როგორც ვირუსთან, ერთად. რა არის "ანტი-ნაცური" პირბადე და დისტანცირება, ისევე, როგორც ანტი-ნაცური ვაქცინა, აი, ამაზე უნდა ვიფიქროთ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge