არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური ტრანსფორმაციის“ დირექტორი რამაზ გერლიანი გუშინ გაუჩინარდა, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
პოსტში საუბარია, რომ პოლიციელმა გიორგი გოგნიაშვილმა მას ცრუ დაკითხვა მოუწყო და შეურაცხყოფა მიაყენა.
ოჯახის წევრებმა რამაზ გერლიანის ავტომობილი ავჭალის პოლიციის წინ აღმოაჩინეს, სადაც დაკარგულმა პირმა წერილი დატოვა.
ავჭალის პოლიციის სამმართველოსთან ეკონომიკური ექსპერტის რამაზ გერლიანის გაუჩინარებასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
რამაზ გერლიანის ძმის განცხადებით , რამაზ გერლიანის განცხადება, რომელშიც ის შსს-ს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შეჭრაში ადანაშაულებდა, სოციალური ქსელიდან გამქრალია, თუმცა უცნობია ვინ წაშალა.
,,ახლა ვიმყოფები სამმართველოსთან, ჩემი ძმის მანქანაზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, ანაბეჭდებს იღებენ და სხვა პროცედურებს გადიან. მიმდინარეობს ოჯახის წევრების და ახლობლების დაკითხვა. მოქმედებები მიდის, მაგრამ მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელს აფარებენ პოლიციელს, რომელიც ჩემი ძმის „პოსტში“ არის მითითებული. სოციალური ქსელიდან ჩემი ძმის პოსტიც გაქრა, თუ ამაში ძალოვანების ხელი ურევია, ესეც კიდევ ერთი დანაშაულია, ვერ გეტყვით ვინ წაშალა და ვისი ხელი ურევია“, - აღნიშნა რომანოზ გერლიანმა.
შეგახსენებთ, ახლობლების ინფორმაციით, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა.
რამაზ გერლიანმა გაუჩინარებამდე გუშინ დილით „ფეისბუქ“ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც შსს-ს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შემოჭრაში ადანაშაულებს.
გერლიანის ცნობით, სამართალდამცველი 14 ნოემბერს საკუთარ ბინაში შეიარაღებული დახვდა და ცრუ მოტივით დაკითხა, მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციის სამმართველოს 35 დღის წინ მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.
„ამ ნაგავმა პოლიციელმა ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის გამოყენებით მოახერხა, ჩემს კერძო საკუთრებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა. 14 ნოემბერს შეიარაღებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად და ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენე შეურაცხყოფა, განადგურებული ვარ!
როგორც ჩანს, პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა პერსონალურ ინფორმაციას, როგორც საპოლიციო სისტემით, ასევე სხვადასხვა საშუალებით, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების შესახებ. სავარაუდოდ, მოქმედებს დავალება/დაკვეთით. საფუძვლიანია ეჭვია, რომ ჩემ მონაცემებს გადაცემდა/ყიდიდა მესამე პირზე (ებზე). არ არის გამორიცხული, რომ ჩემს მიმართ იყენებდა თვალთვალის, მიყურადების და კონტროლის სხვა სისტემებს...დამარცხება გინდოდათ, მე განადგურებული ვარ, დისკრედიტაცია გინდოდათ - ფსკერზე ვარ, ჩემზე ზეგავლენა და მართვა გინდოდათ - ვერ მიიღებთ.
კანონი დუმს. ჩემთვის ყველაფერი სულერთია. ისე ვარ, მინდა მეც დავდუმდე, ოღონდ სამუდამოდ“, - წერს რამაზ გერლიანი.
ავტორ(ებ)ი :